საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიზანს წარმოადგენს ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიიიღოს საინვესტიციო რეიტინგი BBB, რაც ქვეყანას საინვესტიციო სამყაროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
„ჩვენი მიზანი გახლავთ, რაც შეიძლება მალე მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი BBB, რაც ქვეყანას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს საინვესტიციო სამყაროში და როგორც სუვერენული, ასევე კერძო სექტორის მიერ კრედიტის მოზიდვა გახდება გაცილებით უფრო იოლი და იაფი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. Ba2 არის ყველაზე მაღალი რეიტინგი სხვა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებს მიერ შეფასებებს შორის. კიდევ ორი გახლავთ Standard and Poor’s და Fitch da ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთი მნიშვნელოვანი სააგენტოს მიერ რეიტინგის გაუმჯობესება თანდათანობით აისახება სხვა კომპანიების რეიტინგში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პერსპექტივა შეფასდა სტაბილურად და გაუმჯობესების მიზეზად 2014-2016 წლებში რეგიონში განვითარებული გამოწვევების, შოკის წარმატებულად დაძლევა სახელდება. ასევე, Moody’s-ს შეფასებით, ამ პერიოდში საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 3,4% შეადგინა, მაშინ როდესაც რეგიონის ბევრი ქვეყნის ეკონომიკა იყო რეცესიაში ან რეცესიის პირას. მისასალმებელია, რომ კომპანია ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერეს, ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკას, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მდგრად ფისკალურ პოლიტიკას და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდებ“, - განაცხადა პრემიერმა.

























