მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი მიზანია, რომ შევაჩეროთ პროპაგანდა" - ბრიტანეთის ელჩი "იმედის“ და POSTV-ის დასანქცირების მიზეზებს განმარტავს

გარეთ უორდი

დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მთავარი მიზანი უკრაინის სუვერენიტეტის დამაზიანებელი პროპაგანდის შეჩერებაა. საკითხზე BMG tv-ის გადაცემა "ანალიტიკასთან" ინტერვიუში ბრიტანეთის ელჩმა ისაუბრა. გარეთ უორდი მედიის თავისუფლების უფრო ფართო პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ მედიასექტორზე ზეწოლის საკითხთან დაკავშირებით შეშფოთებას არა მხოლოდ გაერთიანებული სამეფო, არამედ ევროპული ქვეყნების უფრო ფართო ჯგუფიც გამოხატავს.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ჩვენი რეჟიმის ფარგლებში, ჩვენი მიზანია დავეხმაროთ უკრაინას თავისი სუვერენიტეტის დაცვაში და შევაჩეროთ პროპაგანდა, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს. ეს არის ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი და სწორედ ამიტომ ვიღებთ ზომებს, მათ შორის იმ ზომებს, რომლებსაც თქვენ გულისხმობთ საქართველოში“, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა BMG-ის გადაცემაში გიორგი ისაკაძესთან და ელენე კვანჭილაშვილთან ინტერვიუში განაცხადა.

ელჩის განმარტებით, საქართველოში მედიასთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ სანქციებით არ შემოიფარგლება და ქვეყანაში მედიის თავისუფლების უფრო ფართო პრობლემაც არსებობს.

„საქართველოში არსებობს უფრო ფართო საკითხი მედიის თავისუფლების შესახებ. ჩვენ ვართ მედიის თავისუფლების კოალიციის წევრები და შეგიძლიათ წაიკითხოთ მედიის თავისუფლების კოალიციის რამდენიმე განცხადება, რომლებიც გამოხატავს გარკვეულ შეშფოთებას საქართველოში მედიასექტორზე ზეწოლის გამო მთლიანობაში. ასე რომ, ეს არის გზავნილები, რომლებსაც არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთი უგზავნის საქართველოს, არამედ ევროპული ქვეყნების უფრო დიდი ჯგუფი აგზავნის ზუსტად ამავე გზავნილს“, - განაცხადა გარეთ უორდმა.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები „იმედი“ და POSTV რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმის ფარგლებში დაასანქცირა. ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, სანქციების საფუძველი უკრაინის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისა და რუსეთის სასარგებლო პროპაგანდის გავრცელება იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები