მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენი მიზანია, საექსპორტო მოცულობა 50-60%-მდე გავზარდოთ” - Caucaspack

კავკასპაკი

შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია Caucaspack, რომელიც ქართულ ბაზარზე 15 წლის წინ გამოჩნდა, წარმოებული პროდუქტის 40%-ს საზღვარგარეთ ყიდის. კომპანიის მმართველი პარტნიორი, ამირან ცერცვაძე,  BGMTV-ს გადაცემა “საქმიან დილაში” საქართველოს შესაფუთი მასალების ინდუსტრიის საექსპორტო პოტენციალს აფასებს და აღნიშნავს, რომ აქ წარმოებული შესაფუთი მასალები აშშ-ის ბაზარზე აზიურ კომპანიებს უწევს კონკურენციას.

“2015 წელს გადავწყვიტეთ საექსპორტო პოტენციალის მოსინჯვა და რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა. ამავდროულად, საერთაშორისო დონორებიც დაგვეხმარნენ და დღეს, ჩვენი შემოსავლების 40% პროდუქტის საექსპორტო ბაზრებზე რეალიზებით გენერირდება. 

შემიძლია ამერიკის ბაზარი გამოვყო. საწყის ეტაპზე წარმოუდგენელი იყო ჩვენთვის, საქართველოდან პროდუქტი ასეთ შორეულ კონტინენტზე გაგვეგზავნა, თუმცა 2016 წლიდან უკვე სტაბილური მზარდი ტენდენციით ვახორციელებთ აშშ-ში ექსპორტს. ეს ცხადყოფს, რომ შეფუთვების სექტორი საქართველოში ვითარდება, პოტენციალი არსებობს, აშშ-ში კონკურენციას აზიურ მწარმოებლებსაც ვუწევთ. ასევე აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ევროპელ პარტნიორებთანაც, რითაც ბაზარზე ჩვენი პოზიცია ძლიერდება”, - ამბობს ამირან ცერცვაძე.

Caucaspack  ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებსაც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა გაფართოებასა და სამუშაო პროცესის სერტიფიცირებაში დაეხმარა. პროგრამის ფარგლებში კომპანიას საჰაერო კომპრესორი გადაეცა, ხარისხის სერტიფიკატის მოპოვებაზე კი ახლა მუშაობს.

“USAID-ის პროგრამის ფარგლებში, ორი მიმართულებით მოხდა ჩვენი მხარდაჭერა. ერთი დანადგარით უზრუნველყოფა და აღჭურვა იყო, რაც წარმადობისა ენერგოეფექტურობის ზრდაში დაგვეხმარა, რის გამოც კომპანია წლიურად, დაახლოებით, 60  000 ლარის ელექტროენერგიას ზოგავს.

რაც შეეხება სერტიფიცირებას, კომპანია ამ ეტაპზე სამი მიმართულებით მუშაობს: პროდუქტის წარმოება და ხარისხი, BRC-ი სტანდარტის დანერგვა, გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის მოპოვება - რაც, თავის თავში, წარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებას გულისხმობს” - ამბობს Caucaspack-ის მმართველი პარტნიორი.  

Caucaspack-ის თვიური წარმადობა, სიმძლავრეების სრული დატვირთვით, 500 ტონა მზა პროდუქტია, თუმცა კომპანია ამ ეტაპზე 70%-იანი დატვირთვით მუშაობს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ცერცვაძის თქმით, მიზანი საექსპორტო მოცულობის ზრდაა.

“ექსპორტის მოცულობა საკმაოდ დიდია, ბოლო ორი წელია, სტაბილური 5%-იანი ზრდა გვაქვს. ჩვენი მიზანია, 50-60%-ზე ავიდეთ, რაც თავისთავად გაგვიხსნის დამატებით ბაზრებსა და პროდუქციის დივერსიფიცირების საშუალებას მოგვცემს”, - ამბობს ამირან ცერცვაძე.

კომპანია საექსპორტო ბაზრების ზრდასთან ერთად წარმადობის ზრდასა და სამუშაო ადგილების დამატებასაც გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები