"ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მოქალაქეებს შორის აღქმა იმისა, რომ საზღვარგარეთ მკურნალობა აღემატება იმას, რაც ხელმისაწვდომია საქართველოში", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ისაუბრა.
სარჯველაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნის მაჩვენებელი, საერთო სტატისტიკასთან შედარებით, მაღალ პროცენტს არ შეადგენს, პრობლემა საგულისხმოა და არაერთი მიზეზით არის განპირობებული.
"2025 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური დაავადების მართვისთვის სერვისი 38 627 ბენეფიციარს მიეწოდა. არსებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნით, ონკოლოგიის მიმართულებით, მკურნალობა დაუფინანსდა მხოლოდ 573 პაციენტს.
ონკოლოგიური სერვისებისთვის დამოუკიდებლად გასული პაციენტების რაოდენობა შესაძლოა აღემატებოდეს დასახელებულ რიცხვებს, თუმცა არა დრამატულად. 38 627 ბენეფიციართან შედარებით, საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნის მაჩვენებელი, ვფიქრობთ, მაღალ პროცენტს არ შეადგენს. თუმცა უნდა დავეთანხმო მოსაზრებას, რომ პრობლემა მაინც საგულისხმოა და ამაზე ღიად ვსაუბრობთ ჩვენც", - ამბობს სარჯველაძე.
უცხოეთში მკურნალობისთვის უპირატესობის მინიჭების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ის ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის ნაწილის კვალიფიკაციასა და დისციპლინას ასახელებს, რასაც, მისივე თქმით, განათლების სისტემაში არსებული დეფიციტებიც ემატება.
"უმცირესობაში, მაგრამ მაინც არიან ექიმები და ექთნები, რომლებსაც ზოგ შემთხვევაში კვალიფიკაციის, ზოგ შემთხვევაში კი დისციპლინის პრობლემები აქვთ. სამწუხაროდ, კვალიფიკაციის ნაკლებობა საკმაოდ რეალური გამოწვევაა საქართველოში და ამასთან დაკავშირებით საუბრობს ჩემთვის პატივსაცემი ყველა ექიმი.
გვაქვს პროფესიული დეფიციტების პრობლემაც, რაც დაკავშირებულია განათლების სისტემის რეფორმასთან. განათლების სისტემისთვის ორიენტირი უნდა იყოს, პირველ რიგში, იმ კადრების მომზადება, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის".
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უცხოეთში მკურნალობისთვის უპირატესობის მინიჭების მიზეზი სამედიცინო ტურიზმის "აგრესიული მარკეტინგია". მისი განცხადებით, კომპანიების წარმომადგენლები მიზანმიმართულად "აშავებენ" ადგილობრივ კონკურენტებს.
"თავის ადგილას არის საკმაოდ აგრესიული მარკეტინგიც. დღეს საკმაოდ დიდი ინდუსტრიაა აწყობილი პაციენტების უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნასთან დაკავშირებით, რასაც სამწუხაროდ გარკვეული დოზით ახასიათებს რეკლამაც, რა თქმა უნდა, თავისი გადაჭარბებული მოლოდინების შექმნითაც და საქართველოში არსებული კონკურენტების ე.წ. გაშავების ტაქტიკითაც. ყველაფერი ეს ბადებს რეპუტაციულ პრობლემებსაც, და ამის კულტივირებაზე მაქვს საუბარი როგორც, როგორც სახიფათოსა და მანკიერ მოვლენაზე.
ამ ყველაფრის გამოა, რომ ქართველ ექიმებზე როცა ვსაუბრობთ, არაერთგვაროვანი აღქმები არსებობს მედიცინის სხვადასხვა მიმართულებით, იმის მიხედვით, თუ როგორია მარკეტინგული გავლენები. მაგალითად, კარდიოქირურგიის დონე საქართველოში ეჭვგარეშე მაღალია, რასაც სამწუხაროდ ვერ იტყვი ონკოლოგიის მიმართულებაზე, სადაც მაღალია ასეთი ინტერესების გავლენა".
ჯანდაცვის მინისტრი ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ მიზეზებზეც საუბრობს. მისი თქმით, ცალკეულ, რთულ შემთხვევებში უცხოეთის სპეციალიზებული კლინიკების საჭიროება მაინც დგას.
"ცალკეულ შემთხვევებში დგას სპეციალიზებული კლინიკების საჭიროება, როდესაც საქმე გვაქვს მართლაც რთულ შემთხვევებთან. [საზღვარგარეთ მკურნალობის] მიზეზებს შორისაა რამდენიმე მაღალტექნოლოგიური კვლევის ჩატარებაც, მაგალითად ე.წ. PSMA კვლევა, ანუ ლუტეციუმით დასხივება. საუბარია ასეთი კვლევებისთვის საჭირო იზოტოპებზე, რომელთა საქართველოში იმპორტიც ვერ ხერხდება ტექნიკურად, რადგან არ ექვემდებარება ტრანსპორტირებას".
სარჯველაძე გამორიცხავს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ მედიკამენტებს შორის ხარისხობრივ განსხვავებასაც და აცხადებს, რომ უწყების მთავარი მიზანი საზოგადოებაში ამ აღქმის შეცვლაა.
"რაც შეეხება საქართველოში ხელმისაწვდომი მედიკამენტების ხარისხს, აქ რაიმე სერიოზული არგუმენტის დასახელება, ჩემი აზრით, შეუძლებელია. საქართველოში ხელმისაწვდომია ზუსტად იმავე ხარისხის მედიკამენტები, რაც სხვა განვითარებულ სახელმწიფოებში.
ბევრი შეცდომაა დაშვებული გასული ათწლეულების განმავლობაში, რისი შედეგიცაა რა სურათიც ახლა გვაქვს. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მოქალაქეებს შორის აღქმა იმისა, რომ საზღვარგარეთ მკურნალობა აღემატება იმას, რაც ხელმისაწვდომია საქართველოში. ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სექტორის რეპუტაცია იყოს მაღალი და ამას ჰქონდეს ობიექტური დასაყრდენი", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.




























