„ჩვენი მიზანია, შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა თურქეთის საზღვაო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ეკონომიკის სამინისტრო იუწყება, იოსელიანის თქმით, ამ მიზნის მიღწევა მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს, რეგიონულ თანამშრომლობასა და გრძელვადიან სტრატეგიულ დაგეგმვას.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო ისტორიულად ყოველთვის ასრულებდა ცივილიზაციების, კულტურებისა და ბაზრების დამაკავშირებელი ხიდის როლს. დღეს ჩვენ ამ გეოგრაფიულ უპირატესობას თანამედროვე, საიმედო და მაღალკონკურენტუნარიან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გარდავქმნით, რომელიც ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, შავი ზღვის რეგიონსა და ევროპას აკავშირებს“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მისი თქმით, 2032 წლისთვის საქართველო დაახლოებით 7 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზაციაში, რაც მოიცავს საზღვაო, სარკინიგზო, საგზაო და ციფრული მიმართულებების განვითარებას.
"მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, რომლის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს, 2029 წლისთვის კი, როდესაც პორტის განვითარების პირველი ფაზა დასრულდება, მისი გამტარუნარიანობა მინიმუმ 600,000 TEU იქნება და ქვეყანას Panamax-ის კლასის დიდი გემების მიღების შესაძლებლობა ექნება.
მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე მოძრავი შემადგენლობის განახლების პროგრამასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე, რომლის დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.
თურქეთის საზღვაო სამიტში ასევე მონაწილეობა მიიღო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ", - იტყობინება ეკონომიკის სამინისტრო.




























