ჩვენი მიზანია, რომ ხარისხიანი პირდაპირი ინვესტიციები მოვიზიდოთ სხვადასხვა ქვეყნიდან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენი ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ბოლო სამ წელში ეკონომიკის აღდგენასთან ერთად საკმაოდ მაღალ დონეზე ვინარჩუნებდით უცხოურ ინვესტიციებს. ჩვენი მიზანია, რომ ხარისხიანი პირდაპირი ინვესტიციები მოვიზიდოთ სხვადასხვა ქვეყნიდან იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდა, მეორე მხრივ, შევძლოთ ჩვენი ეკონომიკური სტრუქტურის თვისობრივად ზრდა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოტენციური პარტნიორი ჩვენი ქვეყნისთვის არის საუდის არაბეთი, რომელიც სპარსეთის ყურეში უმსხვილეს ეკონომიკას წარმოადგენს. გასულ წელს ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო სპარსეთის ყურეში, როდესაც ჩვენ შევხვდით პრინცს და მთავრობის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ ჩვენ უნდა ჩამოგვეყალიბებინა ფორმალური ურთიერთობები, პლატფორმები იმისთვის, რომ წაგვეხალისებინა ეკონომიკური ურთიერთობები ქვეყნებს შორის. ასეც მოხდა, დავიწყეთ მუშაობა, შეიქმნა 15 საბჭო, რომლებშიც საუდის არაბეთიდან ბიზნესებია წარმოდგენილი იმისთვის, რომ კიდევ უფრო წავახალისოთ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის.
იმედი მაქვს, კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით. ჩვენ დაწყებული გვქონდა მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე საუდის არაბეთთან. ეს საკითხი ახლა ორ ქვეყანას შორის აქტიურად დგას“, - განაცხადა დავითაშვილმა.