ეკომეგობრული მოგზაურობის პლატფორმა Biliki AI გაუმჯობესებულ ტექნოლოგიაზე გადაეწყო, რამაც ვებგვერდზე ტურის დაგეგმვის სიჩქარე 5 წამამდე შეამცირა - ამის შესახებ BM.GE-ს Biliki AI-ის აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე ცირამუა ესაუბრა.
“პლატფორმა გადაეწყო ახალ, გაუმჯობესებულ ტექნოლოგიაზე, Google-ის GEMINI-ზე, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ტურის დაგეგმვის სიჩქარე. 2-3-დღიანი ტურის დაგეგმვის დრო 5 წამამდე შემცირდა, ხოლო დღეების რაოდენობა 14-მდე გაიზარდა რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა მომხმარებლის გამოცდილება. ტურის დაგეგმვა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი. მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე და მეტი პერსონალიზაციისთვის კი ვებგვერდს დაემატა ინტერესების ველი, სადაც 14 სხვადასხვა ინტერესის არჩევაა შესაძლებელი”, - განმარტა პლატფორმის თანადამფუძნებელმა.
გარდა ამისა, თორნიკე ცირამუას ცნობით, ქართული პლატფორმა Booking.com-ის და Agoda-ს აფილირებული პარტნიორია, რომლის მეშვეობითაც ვებგვერდის მომხმარებელს ეკომეგობრული სასტუმროს დაჯავშნა შეუძლია. Agoda Biliki AI-ს მომხმარებელს სასტუმროებზე ფასდაკლებებს სთავაზობს.
Biliki.AI-ში მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისათვის ინტეგრირებულია Viator, სადაც მოგზაურს შეუძლია კონკრეტული ადგილების და აქტივობების ბილეთის შეძენა. ეკომეგობრულობის კალკულატორი კი თვლის, თუ ნახშიროჟანგის რამდენად ნაკლები დანახარჯი ექნება მომხმარებელს, თუკი ის Biliki-ს რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.
მსოფლიოში პირველი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ეკომეგობრული ტურიზმის პლატფორმა Biliki.AI გასული წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. ამ დროის განმავლობაში ვებგვერდმა 6 000-ზე მეტი მომხმარებელი, მსოფლიოს 86 ქვეყნიდან მოიზიდა.
“Biliki.AI-ს ჩაშვების შემდეგ გავტესტეთ ჩვენი პროდუქტი მეტწილად ადგილობრივ ბაზარზე, გვაინტერესებდა, როგორი რეაგირება ექნებოდა მომხმარებელს. თუმცა, ადგილობრივი ბაზრის გარდა, ნულოვანი დანახარჯით შევძელით, რომ 86 ქვეყანაში შევსულიყავით, რაც ჯამში 6000-ზე მეტ მომხმარებელს ნიშნავს.
საქართველოს გარდა, შეერთებული შტატების, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და ინდოეთის მომხმარებლები იყენებენ BILIKI-ს ყველაზე აქტიურად. სამიზნე ბაზრები დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებია, რომლებიც ცნობილები არიან მწვანე მოგზაურობის განვითარებით. სწორედ ამ ბაზრებზე ვაკეთებთ აქცენტს და გვაქვს კონკრეტული სტრატეგია თუ როგორ გავიდეთ ამ ბაზრებზე”, - განმარტავს ცირამუა და დასძენს, რომ ვებგვერდის საშუალებით დაგეგმილი 12 000 ტურიდან, უმრავლესობა დასავლეთ ევროპის მიმართულებით განხორციელდა.
კითხვაზე, რა არის Biliki.AI-ის 2024 წლის გეგმები, ტექ-სტარტაპის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს პლატფორმის ფუნქციონალის დახვეწა და ამისათვის საჭირო ინვესტიციების მოძიებაა.
“მიმდინარე წელს ჩვენი გეგმა არის, რომ კიდევ უფრო გავამდიდროთ ჩვენი პლატფორმა, უკვე ვმუშაობთ ახალ ფუნქციონალზე, რომელიც კონკრეტული დღის ცვლილების შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს. მომავალში ვგეგმავთ, დავამატოთ AI აუდიოგიდი, რეკომენდებული ღონისძიებები, ფრენის დაჯავშნის შესაძლებლობა და სხვა.
ჩვენი ხედვაა, რომ მომხმარებელმა სრულფასოვანი ინფორმაცია მიიღოს მისი მოგზაურობის მიმართულების შესახებ, რათა მინიმალური დრო და რესურსები დახარჯოს ტურის დაგეგმვაში, მით უფრო, რომ დღეს ყველას მძიმე რუტინა გვაქვს.
რაც შეეხება ინვესტიციების მოზიდვას, ვგეგმავთ 300,000 დოლარიანი რაუნდის გამოცხადებას, რაც დაგვეხმარება, პროდუქტის დახვეწაში, სამიზნე ბაზრებზე გასვლაში და გუნდის გაფართოებაში”, - აღნიშნავს თორნიკე ცირამუა.
Biliki-ს სამომავლო გეგმებში მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაც შედის. სტარტაპი ამ მიზნის მისაღწევად მომიჯნავე სფეროს კომპანიების დაპარტნიორებასაც გეგმავს.
“ჩვენი მიზანია, რომ წლის ბოლომდე მინიმუმ 1 მილიონი მომხმარებელი გვყავდეს. გვსურს, შემოვიკრიბოთ პარტნიორები, ტურისტული სააგენტოები, მწვანე მოგზაურობის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები, რითაც დავეხმარებით მათ, უკეთესი გამოცდილება შესთავაზონ თავიანთ მომხმარებლებს და ზოგადად მოგზაურებს.
Biliki AI აერთიანებს AI ტექნოლოგიას და მდგრადი ტურიზმის პრაქტიკებს რათა გახდეს ცენტრალიზებული პერსონალური ასისტენტი მწვანე მოგზაურობის დასაგეგმად”, - აცხადებს თორნიკე ცირამუა.