უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავს ეხმაურება. განცხადებაში წერია, რომ 2008 წლის ომი იყო პირველი ფართომასშტაბიანი მანიფესტაცია და სიგნალი კრემლის ახალი იმპერიული პოლიტიკისა, რომლითაც რუსეთი ცდილობს ძალისმიერად შეცვალოს საზღვრები. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2022 წლის თებერვალში დაწყებული ომი ამ პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელებაა.
"17 წლის წინ, რუსეთის ფედერაციამ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები სუვერენული სახელმწიფოს საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის აქტის ჩადენით. ამ აგრესიის შედეგად, საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% რუსეთის საოკუპაციო ჯარების უკანონო კონტროლის ქვეშ მოექცა. საქართველოს 200 ათასზე მეტ მოქალაქეს მოუწია საკუთარი სახლის დატოვება და იძულებით გადაადგილებული პირი გახდა საკუთარ ქვეყანაში.
უკრაინის მხარდაჭერა ურყევია საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინა მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას და არ ცნობს ე.წ დამოუკიდებლობას ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებისა. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიებიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გაიწვიოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებელ ქვეყნებად" აღიარება.
დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვით და მკაცრი სანქციების დაწესებით შესაძლებელია რუსეთის იძულება, დატოვოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსი სამხედრო დამნაშავეები უმკაცრესი პასუხისგებაში მიეცნენ", - ნათქვამია განცხადებაში.


























