მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი მოლოდინები თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის დასრულების შემდეგ ძალიან პოზიტიურია - ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი
27.10.25 11:41
476

ჩვენი მოლოდინები თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის დასრულების შემდეგ ძალიან პოზიტიურია - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი შეფასებისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ფორუმზე თითოეულ ქვეყანას, განსაკუთრებით კი საქართველოს, შესაძლებლობა ჰქონდათ, კიდევ უფრო დეტალურად ესაუბრათ იმ მიღწევებზე, შედეგებსა და გეგმებზე, რომლებიც უშუალოდ ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ინვესტიციების მიმართულებით გააჩნიათ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და ბევრი ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უშუალოდ ეკონომიკის განვითარების კუთხით აქვს, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ისინი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის როგორც უშუალოდ შუა დერეფანში, ასევე ტრანზიტული ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის გაძლიერებისთვის,“ - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოლოდინები ფორუმის დასრულების შემდეგ ძალიან პოზიტიურია, რომ საქართველოს ექნება არაერთი ხელშესახები შედეგი, რადგან ფორუმის ფარგლებში უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გაიმართა.

„ფორუმზე გამართული შეხვედრების ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტულ პროექტებზე, მათი შესრულების გეგმებსა და ვადებზე, რაც, რა თქმა უნდა, ასევე კონკრეტულ შედეგებში აისახება. აღნიშნული პროექტები უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკის, მისი როლისა და ფუნქციის გაძლიერებას შუა დერეფანში და მისი პოზიციონირების კიდევ უფრო მეტად გამყარებას, როგორც ტრანზიტული - ლოგისტიკური ჰაბის,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025 წლის 22-23 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით გაიმართა და მასში 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები