ზარზმის აკადემიის მოსწავლეთა რაოდენობა ბოლო ორ წელიწადში 67%-ით გაიზარდა. როგორც bm.ge-ს აკადემიაში განუცხადეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში მდებარე აკადემიაში სწავლის მსურველთა რაოდენობა მუდმივად მზარდია. მოსწავლეები ზარზმაში მათემატიკის სკოლისთვის სხვადასხვა სოფლებიდან დადიან. მათი ტრანსპორტირების ხარჯს კი აკადემია ფარავს.
"ორი წლის წინ 45 მოსწავლე გვყავდა, ახლა 75 გვყავს. აკადემიის მოსწავლეები სისტემატურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადებსა და საგანმანათლებლო ვიზიტებში", - ამბობენ აკადემიაში.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გამოცემამ The Economist-მა, ზარზმის აკადემია მოიხსენია თავის სტატიაში სახელწოდებით "როგორ ამოვიცნოთ გენიოსი". სტატიაში ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენასა და მხარდაჭერაზეა საუბარი, ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად კი სწორედ ზარზმის აკადემიაა მოყვანილი.
„საქართველოს სოფელ ზარზმაში, რომელიც ცნობილია თავისი მონასტრით, მართლმადიდებელმა ბერებმა დააარსეს მათემატიკის აკადემია, რომლის გაძლიერებული სწავლებისა და ინდივიდუალური მიდგომით, მოსწავლეები საერთაშორისო ოლიმპიადებშიც მონაწილეობენ“, - წერს ეკონომისტი.
ზარზმის აკადემიაში ამბობენ, რომ ეს დიდი აღიარება და მოტივაცია იმისთვის, რომ მუშაობა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევითა და მონდომებით გააგრძელონ.
აღსანიშნავია, რომ აკადემიას საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა, როდესაც სოფელ ზარზმის სკოლაში მათემატიკის სწავლება ზარზმის მონასტრის ბერებმა დაიწყეს. შემდეგ კი, შეიქმნა ცალკე ზარზმის აკადემია, რომლის გაძლიერებული პროგრამის შედეგად, 2007-2025 წლებში აკადემიის 56-მა მოსწავლემ სწავლა თბილისის კომაროვის სკოლაში გააგრძელა.
"ჩვენთან მე-6-დან მე-11 კლასის მოსწავლეები სწავლობენ. თუმცა ახლა გვაქვს სურვილი, რომ აკადემია ბოლომდე მიჰყვეს მოსწავლეებს და დაფაროს მე-12 კლასიც, რათა ბავშვებს სხვა სკოლებში გადასვლა არ მოუწიოთ", - განაცხადეს ზარზმის აკადემიაში.
აღსანიშნავია, რომ ზარზმის აკადემიის ორგანიზებით, 2014 წლიდან რეგიონის და ქვეყნის მასშტაბით ტარდება მათემატიკური ოლიმპიადა მოსწავლეებისთვის, სადაც 1000-ზე მეტი მონაწილე რეგისტრირდება ხოლმე.


























