მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მთავარი მესიჯი ITB Berlin-ზე იყო: არა რუსულ კანონს - ქეთი დოჭვირი

64084244868a3
ვიქტორია მღებრიშვილი
08.03.23 12:14
2168
ტურისტული კომპანია „ვანდერლენდის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი ქეთი დოჭვირი აცხადებს, რომ ბერლინში მიმდინარე ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურისტული მიმზიდველობის შესახებ საუბარი, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური პროცესები ვითარდება, ტყუილი იქნება. ამის შესახებ მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

ტურისტული სექტორის წარმომადგენელი, რომელიც ITB Berlin-ზე საქართველოს წარმოადგენს, განმარტავს, რომ ტურიზმის განვითარება ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული და აცხადებს, რომ ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზე ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელსაც კომპანიები აჟღერებენ არის: „არა რუსულ კანონს“.

„იმდენად ცინიზმით სავსე, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი და დამცინავი გამოსვლა მოვისმინეთ [პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება], რომ ამ სიტუაციაში ბიზნესზე ლაპარაკი შეუძლებელია. დღეს საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება, მაგრამ ეს კონკრეტულად თბილისში ხდება და არა ბერლინში. რაც არ უნდა ბიზნესსა და ტურიზმზე ვილაპარაკოთ და ბერლინის გამოფენაზე მოსული 200 000 ადამიანი ვარწმუნოთ, რომ საქართველო მართლა კარგი ქვეყანაა ევროპული საფუძვლებით და მომავლით, ეს იქნება ძალიან დიდი ტყუილი, რადგან ჩვენი მთავრობა, ეს კონკრეტული ადამიანები, ვისაც არ უყვარს საქართველო, დიდ ზეგავლენას ახდენენ იმ მოვლენებზე, რომ ამ ყველაფერმა მსოფლიოში მაქსიმალურად ნეგატიური გამოხმაურება ჰპოვოს და იმ მომავალს მიზანმიმართულად გვინადგურებენ, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები გვიშენებდნენ.

დღეს ბიზნესზე საუბარი აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნება, რადგან უბრალოდ პოლიტიკის გარეშე ქართული ბიზნესი ასე განცალკევებულად ვერ იარსებებს, მით უმეტეს ტურიზმი, რომელიც ქვეყნის სტაბილურობაზე დამოკიდებული სფეროა“, - განაცხადა დოჭვირმა.

ის აღნიშნავს, რომ საერთაშორისო გამოფენაზე ჩამოსვლისას ტურიზმის წარმომადგენლები დიდი მოლოდინით უყურებდნენ ამ მოვლენას, თუმცა ამ ვითარებაში საქართველოდან ჩასული კომპანიებისთვის საქართველოს წარდგენა რთულია.

„ყველაფერს კარგს ველოდით სანამ აქ ჩამოვიდოდით, რადგან გრანდიოზული გახსნა იყო და ძალიან დიდი ინტერესიც. საქართველო საინტერესო ქვეყანაა, რადგან ევროპულია და ყველა ასე მიიჩნევს. გამოფენის ფარგლებში ძალიან ბევრი აქტივობაა დაგეგმილი და ინტერსიც დიდია. ბიზნეს სექტორი ცდილობს, რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად პოზიტიურად მივაწოდოთ, იმისთვის, რომ პოლიტიკურმა მოვლენებმა ამ ყველაფერზე გავლენა არ მოახდინოს, მაგრამ ამ რეჟიმში მუშაობა აბსოლუტურად გაუმართლებელი და რთულია, რადგან ჩვენ, ვინც გამოფენაზე ყოველდღიურად დავდივართ, საქართველოს ამბებით ვცხოვრობთ და ყოველდღიურ რეჟიმში ვაპროტესტებთ იმას, რაც საქართველოში ხდება. მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც პარლამენტთან იდგა, ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფრის წინააღმდეგ ვდგავართ და არა რუსულ კანონს. ჩვენი მთავარი მესიჯი ITB Berlin-ზე იყო არა რუსულ კანონს და არა რუსულ გავლენას“, - ამბობს დოჭვირი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები