უკანონო პარლამენტმა დღეს, საარჩევნო ვადების უხეში დარღვევით, დანიშნა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს - ამის შესახებ გახარიამ დღეს, 26 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "საქართველოსთვის" ოპოზიციურ პარტიებს შორის ენმ-ს შემდეგ ყველაზე მეტი ხმოსანი ჰყავს, ისინი ამ პროცესში არ მიიღებენ მონაწილეობას.
"მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნების კანონიერება, გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტის სხდომა ჩაატარა სრულად უკანონოდ! შესაბამისად, საპარლამენტო რესპუბლიკაში უკანონოდ აირჩა პარლამენტის თავმჯდომარე და უკანონოდვე აირჩევენ მთავრობას. ამავე უკანონო პარლამენტმა დღეს, საარჩევნო ვადების უხეში დარღვევით, დანიშნა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს.
როგორც პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა საერთაშორისო ლეგიტიმაციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გარეშე, პრეზიდენტის 29 დეკემბერს დანიშნულ ინაუგურაციას არ უნდა დაესწროს დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი შეეცდება ეს გამოიყენოს როგორც გაყალბებული არჩევნების, უკანონო პარლამენტის, უკანონო მთავრობის და უკანონოდ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის და აღიარების მისაღებად.
ერთპარტიულად, კონსტიტუციის დარღვევით არჩეულ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს არც ხალხის და არც საერთაშორისო საზოგადოების ლეგიტიმაცია. ფაქტობრივად, ამ გზით შეეცდება თავისი ავტორიტარული რეჟიმის გაფორმებას. ამისთვის, ჩვენი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკრებულოს წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, ოცნების და ნაცების მერე საარჩევნო კოლეგიაში გვაქვს ყველაზე მეტი ხმა, პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში არ მიიღებს მონაწილეობას. მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და საკრებულოებში მათ წევრებს, არ მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით კრიზისის პირველ ფაზაში. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევძლოთ, ქვეყანა არ გადავიდეს კრიზისის კიდევ უფრო მძიმე ფაზებში, რაც უფრო მეტად დააზიანებს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეებს.
არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად არც ამ პარლამენტს, არც მის მიერ არჩეულ პრეზიდენტსა და არც მთავრობას არ უნდა ჰქონდეს ლეგიტიმაცია და აღიარება.
დღეს ეს არის ერთადერთი და ყველაზე სწრაფი გზა, ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალურ მდგომარეობაში",- განაცხადა გახარიამ.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტს 14 დეკემბერს აირჩევენ, რომლის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ჩატარდება.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი აირჩევა არა ხალხის პირდაპირი საარჩევნო უფლებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მიერ. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შევა 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს, ცესკოს მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან შესაბამისი პოლიტიკური პარტიები ასახელებენ.
ყოფილი პრემიერი სიების ჩახსნის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, საპარლამენტო მანდატებს მაშინ დატოვებენ, როცა ამას თავად ჩათვლიან საჭიროდ. ამის შესახებ გახარიამ დღეს, 26 ნოემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გახარიას თქმით, მისი პარტია პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, თუმცა სხვა ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ამ ეტაპზე ისინი არც საარჩევნო სიების ჩახსნას და არც მანდატების დატოვებას აპირებენ.
„სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე წნეხს. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ სიების ჩახსნაზე საუბრობს ის ხალხი, რომელსაც არაფერი აქვს რეალური, რომ შესთავაზოს გაბრაზებულ ამომრჩეველს. იმიტომ, რომ ამომრჩეველი არის რეალურად გაბრაზებული. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს – სიების ჩახსნაზე საუბარი არ არის ის, რაც ოპოზიციას მოუხსნის ბრალეულობას იმ კრიზისზე, რომელშიც დღეს ვართ. ვინმე თუ ფიქრობს, რომ სიების ჩახსნით პასუხისმგებლობას მოიხსნის იმ კრიზისზე, რომელშიც დღეს ქვეყანაა, ძალიან ცდება.
ვინმე თუ ფიქრობს, „ნაცები“ ან „ოცნება“, რომ ჩვენზე ზეწოლით რამენაირად მოახერხებენ, რომ ჩვენ მათი დღის წესრიგით ვიმოქმედოთ, ასე არ იქნება. ჩვენ პირველებმა ვთქვით, რომ ამ პარლამენტს ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება, რაც დავადასტურეთ გუშინ. რაც შეეხება სიების ჩახსნას, გავაკეთებთ მაშინ და ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და ამას არ ვკითხავთ არც „ნაცებს“ და არ ივანიშვილს და მის პარტიას. მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როგორც ჩავთვლით საჭიროდ, დღეს არა.“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საარჩევნო სიების ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს მიმართეს: „კოალიციამ ცვლილებისთვის“, „ძლიერმა საქართველომ“ და „ერთიანობა ნაციონალურმა“ მოძრაობამ“.