ბავშვის ტანსაცმლის ბრენდი Eshvikids ექსპორტზეა გასული და მისი პროდუქციის შეძენა იაპონიასა და ქუვეითშია შესაძლებელი. ამის შესახებ ბრენდის მენეჯერმა, მარიამ ფირანიშვილმა Bm.ge-თან ინტერვიუში განაცხადა.
„დიდი ხანია ექსპორტზე ვართ გასულები, ახლა ავითვისეთ ახალი საექსპორტო მიმართულებები, იაპონიაში დავიმატეთ ორი მაღაზია, ხოლო ქუვეითში - სამი“, - ამბობს ის.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მენეჯერი აღნიშნავს, რომ ბრენდი აქტიურად მუშაობს ახალი კოლექციების შექმნასა და გაფართოებაზე, გეგმებშია ფიზიკური მაღაზიის გახსნაც.
„აქტიურად ვიღებთ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას, რათა განვახორციელოთ მეტი ექსპორტი, ვმუშაობთ ISO სერტიფიკატის დანერგვაზე, ასევე აქტიურად ვმუშაობთ ახალ კოლექციებზე+, რათა უფრო მრავალფეროვანი და დიდი ასორტიმენტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს“, - ამბობს მარიამ ფირანიშვილი.
Bm.ge-თან ინტერვიუში მენეჯერმა 2022 წელზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს წელი კომპანიისთვის ძალიან კარგი იყო: „საქართველოში ჩვენი პროდუქციის შეძენა მხოლოდ ონლაინაა შესაძლებელი, 2022 წელს მომხმარებელი უფრო მიეჩვია ონლაინ შოპინგს, რაც აისახა ჩვენს გაყიდვებზე, ასევე დაიხვეწა ჩვენი კოლექციები და მომხმარებლისგანაც დიდი მოწონება დაიმსახურა“,- განმარტა მან.
ცნობისთვის, Eshvikids 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ის მომხმარებელს ბავშვის ტანსაცმელს სთავაზობს, რომელიც პრემიუმ ხარისხის იმპორტირებული სერტიფიცირებული ქსოვილით იქმნება. ბრენდი 7 ადამიანს ასაქმებს. პროდუქციის შეძენა ადგილობრივ ბაზარზე ონლაინაა შესაძლებელი, ხოლო ინგლისში, იაპონიაში, ქუვეითსა და ბაჰრეინში სხვადასხვა მაღაზიაში.

























