მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი პროდუქტი ექსპორტზეა გათვლილი“ - „ჩიზზზის“ გეგმები

63ca5d447c06e
თინათინ ნატმელაძე
20.01.23 09:34
1625
ნახევრად შემცხვარი გაყინული აჭარული ხაჭაპურის მწარმოებელი სტარტაპი „ჩიზზზი“ 2023 წლის ბოლომდე ევროპულ სტანდარტებზე მორგებულ საწარმოს მოაწყობს, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ნათია ჯგუბურიამ BM.GE-თან განაცხადა და აღნიშნა, რომ ხაჭაპურისთვის საჭირო ყველის წარმოებასაც თავად გეგმავენ.

მისივე ცნობით, საწარმოს გახსნის მიზეზი წარმადობის გაზრდასთან ერთად იმ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაა, რომელიც მათთვის საჭირო პირველადი ნედლეულის მწარმოებელ კომპანიებს ამჟამად არ აქვთ, ეს კი „ჩიზზზის“ პროდუქტის ექსპორტზე გასვლას აფერხებს.

„2022 წელი ინფორმაციის მოძიების წელი იყო, რადგან როგორც აღმოჩნდა ჩვენი პროდუქტის ექსპორტზე გასვლა ვერ ხერხდებოდა, რადგან იმ პირველადი ნედლეულის საწარმოებს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არ აქვთ საერთაშორისო სტანდარტების დამაკმაყოფილებელი სერთიფიკატები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავხსნათ საწარმო, სადაც ყველსაც თავად ვაწარმოებთ და ამ სერთიფიკატებსაც მოვიპოვებთ.

საწარმო 2023 წლის ბოლომდე უნდა ავამოქმედოთ, ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ, დიდი წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს, ახლა ინვესტიციების მოზიდვა გვჭირდება, ვეძებთ ინვესტორს, რადგან ეს პროექტი საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

ამ პროექტის დასრულების შემდეგ უკვე შეგვეძლება, რომ ექსპორტზე გავიდეთ და საჭირო რაოდენობა ვაწარმოოთ, ძალიან დიდ მოთხოვნას ვიღებთ ისრაელიდან, პოლონეთიდან, იაპონიდან“, - განაცხადა ნათია ჯგუბურიამ.

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, „ჩიზზზის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ აქ გაყიდვები სტაბილურად მიმდინარეობს, მაგრამ მათი პროდუქტი ქართული ბაზრისთვის გათვლილი თავიდანვე არ ყოფილა.

„ქართულ ბაზარზე ჩვენი პროდუქტის შეძენა „აგროჰაბში“, „გუდვილში“, „წერტიში“, “moitane.ge”-სა და ჩვენს პირად საიტზეა შესაძლებელი, საკმაოდ დიდი დაინტერესებაა, უფრო პერიოდებზეა დამოკიდებული, მაგრამ სტაბილურია, ახლა ვფიქრობთ, რომ პატარა კაფე-მაღაზიას გავხსნით, სადაც უკვე ცხელი სახით გვექნება აჭარული ხაჭაპური, ამის მოთხოვნაც არის.

თუმცა, საერთო ჯამში, საქართველო ღარიბი ქვეყანაა, ჩვენი პროდუქტი თავიდანვე ექსპორტისთვის იყო გათვლილი“, - განმარტავს ჯგუბურია.

ნათია ჯგუბურია 2022 წლის მნიშვნელოვან გამოწვევად ნედლეულზე ფასის ზრდასაც ასახლებს, - „რაც ოპერირება დავიწყეთ, მას შემდეგ ყველა იმ პროდუქტზე, რომელსაც ვიყენებთ, ფასი 30%-ით გაიზარდა, თუმცა ჩვენ ვცდილობთ ფასი შევინარჩუნოთ, იმედია, ეს დასტაბილურდება.“

შეგახსენებთ, რომ „ჩიზზზი“ ბაზარზე გასული წლის თებერვლაში გამოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები