მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი პროდუქტი ტენდერის მოთხოვნებს აკმაყოფილებს" - "იუ ჯი თი" ბრალდებებს უარყოფს

5bb3175b56805
თამუნა დემეტრაშვილი
02.10.18 10:55
2079
კომპანია ,,იუ ჯი თი“ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს, კონკურენტის განცხადებას კი მათი გაღიზიანებით ხსნიან. საუბარია საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ გამოცხადებულ 1,1 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერზე, რომლითაც სახელმწიფოს სარეზერვო ასლების მართვის და ვირტუალური გარემოს მონიტორინგის პროგრამები და ლიცენზიები უნდა შეეძინა. ,,იუ ჯი თის“ კონკურენტმა, ჰაი-ტექ სოლუშენსმა დავების საბჭოში საჩივარი შეიტანა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. კერძოდ, ჰაი-ტექ სოლუშენსი სარჩელში ამტკიცებს, რომ ,,იუ ჯი თიმ“ სატენდერო კომისიას სხვა მწარმოებლის დიკუმენტაცია შესთავაზა, მაშინ როცა რეალური მწარმოებელი სხვაა. Bm.ge-მ საკითხში გასარკვევად ,,იუ ჯი თის“ მიმართა. კომპანიის პასუხს უცვლელად გთავაზობთ.

,,საფინანსო - ანალიტიკურ სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერში იუ-ჯი-თიმ სატენდერო კომისიას შესთავაზა პროდუქტი, რომელიც მთლიანად აკმაყოფილებდა ტენდერის მოთხოვნებს. აღნიშნულ პროდუქტს იუ-ჯი თი შეისყიდის სრულიად ავტორიზირებული გზით, მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლის კომანია HPE-სგან, რომელსაც ეს პროდუქტი აქვს გაყიდვაში (price list), როგორც საკუთარი. დაზუსტების შემდეგ აღმოჩნდა, რომ HPE-ისა და Veem Software ს ამ პროდუქტზე აქვთ გლობალური კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც HPE-ს შეუძლია Veeam-ის აღნიშნული პროდუქტი მიაწოდოს თავის პარტნიორებს, როგორც მწარმოებელმა. მსგავსი ტიპის კონტრაქტები HPE-ის აქვს მრავალ სხვა მწარმოებელთანაც. ჩვენ და არა მარტო ჩვენ, ხშირად ამით ვახორციელებთ HPE-ის და სხვა გლობალური მწარმოებლების (Oracle, Dell …) პროდუქტების მიწოდებას მსგავს სიტუაციაში, ისე რომ შეიძლება არც ვიცოდეთ თუ ვინ იყო პროდუქტის პირველი დამამზადებელი და ამის აუცილებლობა არც არის, რადგან პროდუქტებს აქვთ მწარმოებლის სრული მხარდაჭერა (ამ შემთხვევაში ორივე მწარმოებლის). კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ ჩვენ ზუსტად ის პროდუქტი შევთავაზეთ, რაც მოთხოვნილი იყო. განსხვავება კი მხოლოდ ის არის, რომ პროდუქციას ვყიდულობთ HPE-ში და სახელმწიფოს 150 000 ლარის დანაზოგს ვუკეთებთ.

პროდუქტის იდენტურობა დადასტურებულია თვითონ დამკვეთის - საფინანსო ანალიტიკური სამსხურის წერილში, სადაც განმარტებაში წერია, რომ პროდუქტი ზუსტად ის არის რასაც ითხოვდნენ - „ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „იუ ჯი თი“-ის მიერ შემოთავაზებული სპეციფიკაციები, სარეზერვო ასლების მართვისა (Backup Solution) და ვირტუალური გარემოს მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფის და მათი მხარდაჭერის ლიცენზიების შესახებ,შეესაბამება ელექტრონულ ტენდერში (ტენდერი აუქციონის გარეშე) NAT180014507 მოთხოვნილ მახასიათებლებს“.

რეალურად, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელია ამ პროდუქტის სახელმწიფოსთვის მიწოდება კონკურენტის მიერ შეთავაზებულ ფასზე 150 000 ლარით იაფად, რამაც სამწუხაროდ მისი გაღიზიანება გამოიწვია.

რაც შეეხება ჩვენი ტენდერიდან გამოთიშვას, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით და დავების საბჭოში შეტანილი გვაქვს შესაბამისი საჩივარი. ვფიქრობთ,რომ ყოველივე ზემოთქმული წარმოადგენს უბრალო გაუგებრობას და დავა სამართლიანად გადაწყდება.“-განაცხადეს ,,იუ ჯი თი“-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები