„სოფლის ნობათის“ რძის სტრატეგიის განვითარების მენეჯერი ხათუნა ცქიტიშვილი ამბობს, რომ კომპანიის პროდუქცია ჯანსაღი და უვნებელია.
როგორც მან სეს-ში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რძის 5 პარტია, რომელიც აზერბაიჯანში იყო წარმოებული, ქსელიდან სრულად იქნა ამოღებული.
„2012 წლიდან ერთ-ერთი პირველები ვიყავით, სადაც HACCP - ის სისტემა დაინერგა, FSSC 22000 - ის არაანონსირებული აუდიტები, რომლებიც გვამოწმებენ წელიწადში ორჯერ. შემოწმებები არის ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, წელიწადში 10-12-ჯერ. ჩვენ ვართ ის კომპანია, სადაც მიგვიღია დელეგაციები, რომლებიც ქვეყანაში ჩამოდის რძის მიმართულებით და საჩვენებელი, სადაც შეიძლება აჩვენო სტანდარტი, რძის მიღება, რაზე მოწმდება, როგორც ხდება მისი გადამუშავება. ასე, რომ ნამდვილად მინდა ვთქვა, რომ სოფლის ნობათის პროდუქცია - რძე, ხაჭო, არაჟანი, მაწონი, კეფირი, იოგურტი, მოჭიქული ხაჭო - არის ჯანსაღი და უვნებელი.
ჩვენ ვართ ის კომპანია, რომლისთვისაც მომხმარებლის ნდობა არის უმნიშვნელოვანესი ეს არის ხარისხი და უვნებელი პროდუქცია. 2012 წლიდან ის ნდობა და ის სიყვარული, რომლებსაც ჩვენი შვილები, ჩვენი მეგობრების შვილები, ჩვენი შვილების მეგობრები ასე უყვართ და მოიხმარენ ეს სწორედ დამოკიდებულია იმ სტანდარტებზე, იმ დამოკიდებულებაზე, იმ პროფესიონალიზმზე, რაც ჩვენ კომპანიაშია“,- თქვა ხათუნა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთ ნიმუშში აღმოჩენილი იყო აფლატოქსინის შემცველობის გადაცდომა 0,21-დან 0,32-მდე ოდენობით. საქართველოში რძეში აფლატოქსინის შემცველობის უმკაცრესი სტანდარტი დადგენილი, რაც გულისხმობს 0,05 მიკრო გრამს ლიტრში. სეს-ის თანახმად, პროდუქცია ქსელიდან სრულად იქნა ამოღებული. კომპანია ყოველ წელს მოწმდება, მათ შორის 2024 წელს განხორციელდა 15 სახელმწიფო კონტროლი დარღვევა არ გამოვლინდა.
„რადიო თავისუფლების“ მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიით გაირკვა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“, რომელსაც ათასობით ძროხა ჰყავს, საქონლის გამოსაკვებად ქათმის სკინტლს იყენებდა. სასამართლოს მასალების მიხედვით, ერთი ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა. „ყვარლის ბაგის“ რძეს ყიდულობენ „სანტე“, „სოფლის ნობათი“, „აგროჰაბი“ და „ყვარლის ბაგის“ შვილობილი „რძის ლაბორატორია“.
ძროხების ქათმის ნაკელით გამოკვებაზე „რადიო თავისუფლებისთვის“ ცნობილი არ გახდებოდა, რომ არა „ყვარლის ბაგის“ მიერ „ჩირინას“ („ბიუ-ბიუს“) წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა - რძის მწარმოებელი კომპანია სკინტლის გამყიდველს 2018-19 წლებში 200-მდე ძროხის დახოცვაში ადანაშაულებდა - ამტკიცებდა, რომ ნაყიდ ნაკელში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა.
ამის შემდეგ 3 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ 28 მარტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად „სოფლის ნობათიდან“ ამოღებულ ხუთ ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა.
აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. სეს-ის ცნობით, ხაზის ყველა პროდუქტი დახლებიდან ამოიღეს.