მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი ქართული ხმოვანი ასისტენტი ყავასაც კი ადუღებს“ – „ერთაოზა“

63ec69bef00bb
სალომე ხიდურელი
18.02.23 09:11
1817
ქართული კომპანია „ერთაოზა“, რომელიც ხმოვანი ასისტენტის აპლიკაციის, ქოლ ცენტრისა და სათამაშო „ერთაოზა ჯუნიორის“ სტარტაპებს აერთიანებს, თავის პროდუქტებს ბაზარზე სულ მალე ჩაუშვებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი რევაზ ბრეგვაძე BM.GE-სთან საუბრობს.
„დაახლოებით 2 კვირაში უკვე ავამუშავებთ „ერთაოზა ქოლ ცენტრის“ სისტემას, რომელიც მომხმარებლებს ტელეფონზე რიგში დგომას აარიდებს თავიდან, მათს ყველა შეკითხვას კი ოპერატორის ნაცვლად ხელოვნური ინტელექტით ჩვენ მიერ გენერირებულ რობოტი გასცემს პასუხს. ვაპირებთ, „ერთაოზა“ საქართველოში მდებარე ყველა ქოლ ცენტრში დავნერგოთ.

1.5-2 თვეში კი „ერთაოზა ხმოვან ასისტენტსა“ და „ერთაოზა ჯუნიორსაც“ ჩავუშვებთ. ხმოვანი ასისტენტის აპლიკაციას ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შეუძლია, სახლებისა და მანქანების მართვა; „ერთაოზას“ უკვე ასობით ბრძანებაზე შეუძლია რეაგირება, მისი დახმარებით ყავის მოდუღებაც კი შეგეძლებათ. ხმოვან ასისტენტს პასუხი აქვს ყველა კითხვაზე, შეუძლია, გითხრათ სხვადასხვა ობიექტის ადგილმდებარეობა, ყოველდღიური ზოდიაქოც კი. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ასევე შეგეძლებათ, მაგალითად, ბავშვებისთვის ზღაპრების წაკითხვა, მათ კითხვებზე პასუხების გაცემა. აპლიკაციაზე როგორც პროგრამისტები, ასევე ფსიქოლოგებიც მუშაობენ, რათა რაიმე ხარვეზი არ გაგვეპაროს და მაქსიმალურად დავიცვათ ბავშვები, რომ „ერთაოზამ“ მათზე მორგებული, რელევანტური პასუხები გასცეს.

რაც მთავარია, ეს ყველაფერი სრულიად ქართულ ენაზეა. ჩვენ შევიმუშავეთ მოდული, რომლითაც მოწყობილობა ყველანაირი ასაკისა თუ კილოს მქონე ადამიანის ნათქვამს აღიქვამს და ყველას შესაბამის პასუხს უბრუნებს. ამისათვის გვაქვს საკუთარი SST, TTS, NLP სისტემები, რომლებიც ჩვენ გვეკუთვნის და ამაში ფულს არ ვიხდით“, - აცხადებს რევაზ ბრეგვაძე.

კითხვაზე, რამდენად არის ქართულ ბაზარზე ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ პროდუქტებზე მოთხოვნა, „ერთაოზას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს სწორედ ისაა, რაც საქართველოს სჭირდება.

„აპლიკაციაზე მუშაობის პროცესში ძალიან ბევრი მასშტაბური კვლევა ვაწარმოეთ და ვიცით, რომ ქვეყანაში უკვე გვჭირდება მსგავსი ტიპის მოწყობილობა. საქართველოში უკვე შენდება ჭკვიანი სახლები და უბნები, გარდა ამისა, სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ მაღალი გამოხმაურება გვაქვს. ბუნებრივია, საჭიროა, რადგან მსგავსი ქართულენოვანი აპლიკაცია ქვეყანაში საერთოდ არ გვაქვს.

ვიფქრობთ, პირველ ეტაპზე საზოგადოებაში აპლიკაციის დანერგვა ჩვენთვის გამოწვევა იქნება, ვიდრე ადამიანები რობოტთან სწორად კომუნიკაციას ისწავლიან და შეეჩვევიან, “ - აღნიშნავს რევაზ ბრეგვაძე.

ინფორმაციისთვის, „ერთაოზამ“ სტარტაპებზე მუშაობა 2018 წელს მფლობელის პირადი ინვესტიციით დაიწყო, ამ ეტაპზე კი, მას ფინანსურ დახმარებას კომპანია re:invent-ი უწევს. ხმოვანი ასისტენტის შექმნაში 11 ადამიანი მონაწილეობს, თუმცა კომპანია გუნდის გაზრდას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება IOS და Android სისტემების მომხმარებლებისთვის და ხმოვანი ასისტენტით სარგებლობა ყველასათვის უფასოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები