მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი რესტორნები ცარიელი არასდროსაა, მაგრამ სუსტი ზაფხული გვქონდა - მერიკო გუბელაძე

ნინიას ბაღი

ცნობილი რესტორნების - „შავი ლომის“, „ლეილას“, „ნინიას ბაღის“ და „კაკლების“ მმართველის, რესტორატორ მერიკო გუბელაძის შეფასებით, სარესტორნო ბიზნესს „სუსტი ზაფხული“ ჰქონდა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ სექტემბრიდან შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვთ.

„სადაც ქვეყანა წავა, იქ წავა ბიზნესიც... სარესტორნო ბიზნესი პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებთან“ - მერიკო გუბელაძე

„პოლიტიკური მოვლენები არის ის, რაც პირდაპირ გვირტყამს ხოლმე და ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო წელს, როცა სარესტორნო ბიზნესს არაჩვეულებრივი აპრილი ჰქონდა, მაგრამ როცა {რუსული კანონი ისევ დაბრუნდა დღის წესრიგში}, ეს ყველასთვის მოულოდნელი დარტყმა და შოკი აღმოჩნდა... ჩვენი რესტორნები სულ ცარიელი არასდროს არ არის, მაგრამ ჯამში, სუსტი ზაფხული გვქონდა; აგვისტოს ბოლოდან, სექტემბერში შედარებით მეტი სტუმარი გვყავს. საბოლოო ჯამში, ბიზნესი კარგად არის და ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან გვიჭირს“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება რესტორნებში სტუმრების გეოგრაფიას, მერიკო გუბელაძე ამბობს, რომ ცვალებადია.

„ადრე თუ ვიცოდით, ტურისტების გეოგრაფია, ახლა არ ვიცი. ტურისტების „შემოტევებია“ ხოლმე - ხან ჩრდილოეთიდან, ხან აზიიდან... ახლა რაც მიხარია არის ის, რომ დასავლეთიდან გვყავს დიდი რაოდენობით ტურისტები რესტორნებში, რაც იმედის მომცემად მენიშნა“, - თქვა რესტორატორმა.

რამდენად ეტყობა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რესტორნებში მომხმარებლის დანახარჯებს? – „წერტილის“ წამყვანის ამ კითხვაზე პასუხად, ოთხი რესტორნის მმართველმა განაცხადა, რომ საშუალო ხარჯის ზრდას დიდად ვერ ხედავს.

„დღესდღეობით, რა საშუალო დღიური ნავაჭრიც აქვთ რესტორნებს, იმ ნიშნულზე ვიყავით მისული 2018-2019 წლებში. აღსანიშნავია ისიც, რომ მაშინ კერძები დაახლოებით, 25%-ით ნაკლები ღირდა, ვიდრე დღეს. ამდენად, ეკონომიკურ ზრდას ჩვენ რესტორნების მაგალითზე ნამდვილად ვერ ვხედავ“, - დასძინა მერიკო გუბელაძემ.

რაც შეეხება რესტორატორის სამომავლო გეგმებს ახალი ობიექტების გახსნის მიმართულებით, მერიკო გუბელაძემ თქვა, რომ გეგმავს ახალი რესტორნის გახსნას, მაგრამ ჯერჯერობით, არა, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენების განვითარებას აკვირდება.

„ახალ პროექტებზე ყველა თავს იკავებს და ჩვენც, ველოდებით რა იქნება“, - თქვა რესტორატორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები