მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული რესურსით დამუშავდა 6.4 მილიონზე მეტი ჰექტარი მიწის მონაცემები. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი მიშელაძის განცხადებით, მონაცემები ყოველწლიურად განახლდება. წელს მიმდინარეობს აჭარის ა/რ-ის, იმერეთის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მონაცემების განახლება.
„ეს შრომატევადი საქმიანობაა, მაგრამ ჩვენი რესურსების ფარგლებში ვცდილობთ, ყველაფერი უზრუნველვყოთ. სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობდა ამ მიმართულებით კვალიფიციური მზა კადრები, ამიტომ დაგვჭირდა 40 ადამიანის მიღება და გადამზადება“, - განაცხადა მიშელაძემ.
მისი თქმით, რუკის ფარდობითი ცდომილება შეესაბამება 1:2000 მასშტაბის სიზუსტეს, რაც საკმაოდ მაღალ გარჩევადობას ნიშნავს, თუმცა მიზანი მასშტაბის კიდევ უფრო შემცირებაა, რაც მეტ სიზუსტეს უზრუნველყოფს.
ცნობისთვის, საქართველოს მიწის რესურსების შესახებ ერთიანი ბაზის მონაცემები მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის ფაქტობრივი გამოყენებისა და მიწის საფარის ინფორმაციას.
მონაცემები მიღებულია ტოპოგრაფიული რუკების, ყოფილი საზოგადო მეურნეობების მიწათსარგებლობის საარქივო გეგმების, ვენახისა და თხილის ბაღების კადასტრის მონაცემების გამოყენებით, ორთოფოტოგეგმების დეშიფრირების გზით. მონაცემები დამუშავებულია „კორინის“ (CORINE) საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით და გამოიყენება გეოგრაფიულ არეალში მიწის საფარისა და მიწის გამოყენების ტიპების განსასაზღვრად და უნიკალური კლასიფიკაციის კოდის მისანიჭებლად.

























