მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი შემდეგი აქტივობები ფოკუსირებული იქნება მხოლოდ ინდუსტრიულ მზის პროექტებზე - “გრინ ენერჯი"

მარიამ შენგელია

"ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო და დროულიც", - ასე აფასებს “გრინ ენერჯის” და “დატენეს” კომუნიკაციების ხელმძღვანელი მარიამ ბოკერია მთავრობის გადაწყვეტილებას ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჯარიმების ჩამოწერაზე.

"ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს საბოლოო შედეგი არ არის. ნამდვილად საჭიროა ისეთი გარემოს შექმნა, რომ სწორმა ინვესტორებმა, რომლებიც დღეს ქვეყანაში არსებობენ, სწორად შეძლონ გადაწყვეტილებების მიღება, სად და როგორ ურჩევნიათ თავიანთი კაპიტალის განაწილება.

ჩვენს მიმართულებაში მზე ნამდვილად ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო წინა წლებთან შედარებით. წელს შესაძლოა გარკვეულწილად შეფერხდა მცირე სიმძლავრის სადგურების მშენებლობა, თუმცა ჩვენ გადავდივართ ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურების მიმართულებით. ამასთან, მსურს გარკვეული სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენი პროექტი, ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურის მშენებლობა კასპში უკვე დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა.

სწორედ ამ მიმართულებით გვაქვს დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯებიც. ჩვენი შემდეგი აქტივობები ფოკუსირებული იქნება მხოლოდ ინდუსტრიულ პროექტებზე და აღარ შეეხება მცირე მიკროსადგურებს, რომლებიც აქამდე ნეტო აღრიცხვის მექანიზმის ფარგლებში შენდებოდა. ამ საკითხზე თქვენც გექნებათ ჩატარებული ანალიტიკა და დარწმუნებით მიხვდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროექტი იყო ეს ენერგეტიკის სექტორისთვის, განსაკუთრებით მცირე ბიზნესისთვის", - განაცხადა მან "ანალიტიკას" ეთერში.

2025 წლის მესამე კვარტალში ტესტირების რეჟიმში ამუშავდა სამი მზის ელექტროსადგური, 10 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრით. ესენია: „ელ-ჰაბის“ კასპის მზის სადგური და „ალაზნის მზის“ სადგურები ხორსასა და გურჯაანში. ეს ობიექტები წარმოადგენს საქართველოს პირველ ინდუსტრიული მასშტაბის მზის ელექტროსადგურებს, რომლებიც ქვეყნის ენერგოსისტემას დაემატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები