მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი სტუმრების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა, შემოსავლები კი - 87%-ით" - ლუდის ბაღი "სადგური"

სადგური

"წელს უკვე 26 000 სტუმარს ვუმასპინძლეთ", - ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში გერმანულ სოფელ ელიზაბეტთალში მდებარე ლუდის ბაღის „სადგურის“ დამფუძნებელმა, რუსუდან ბარათაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სტუმრების რაოდენობა მიმდინარე წელს 2023 წელთან შედარებით, 100%-ითაა გაზრდილი.

„მშვენიერი წელიწადი გვქონდა, უფრო მეტმა ადამიანმა გაგვიცნო, ვიდრე აქამდე გვიცნობდა. შემოსავლებშიც ზრდა გვაქვს 87%-ით. ამასთან, წლევანდელი ოქტობერფესტი 100%-იანი დასწრებით დავასრულეთ, წინასწარ დაჯავშნილი იყო ყველა მაგიდა“, - აღნიშნა რუსუდან ბარათაშვილმა და დასძინა, რომ მიმდინარე წელი კვების ობიექტისთვის ინფრასტრუქტურულად გაუმჯობესების წელიც იყო.

„წელს „სადგურს“ მივამატეთ რეკრეაციული სივრცეები, საბავშვო ზონა, მოვაწყვეთ მინდორი, სადაც „თიმბილგინდისთვის“ მოდიან კომპანიები. გაზაფხულზე ეზოც გავაფართოვეთ, დავამატეთ მაგიდები და ინფრასტრუქტურულად უფრო მეტად გავმართეთ ობიექტი“, - აღნიშნა მან.

როგორც „სადგურის“ დამფუძნებელი bm.ge-სთან ამბობს, მათი მომხმარებლები ძირითადად სამ სეგმენტად იყოფა.

„პირველი სეგმენტია ოჯახები და მეგობრების წრეები არიან. ისინი შეიკრიბებიან ხოლმე, ჩამოდიან, ბავშვები ცალკე ერთობიან, თავად ლუდს მიირთმევენ, უსმენენ მუსიკას და ა.შ.

მეორე სეგმენტი არიან ტურისტები, როგორც ქართველები, ასევე უცხოელები, მათ აინტერესებთ გერმანული სოფელი საქართველოში და მისი მიმდებარე ღირსშესანიშნაობები. დათვალიერების შემდეგ კი, სადგურში შემოივლიან საჭმელად.

მესამე სეგმენტია ადამიანები, რომლებსაც უყვართ ლუდი, გერმანული კულტურა, მაგალითად, იყვნენ გერმანიაში სტუდენტები, ან იქ ცხოვრობდნენ და ნოსტალგია აქვთ. კიდევ ერთი სეგმენტი იკვეთება კორპორაციული სტუმრები, რომლებიც ჩამოდიან აქ და მთელი დღე რჩებიან თიმბილდინგისთვის“, - განმარტა რუსუდან ბარათაშვილმა.

მისივე თქმით, სტუმრების ჯამური რაოდენობიდან უცხოელებს 20%-იანი წილი უკავია. მათ შორის არიან უცხოელი ტურისტებიც და ექსპატებიც.

ცნობისთვის, ტურისტული ობიექტი “სადგური” ასურეთში, კერძოდ, ელიზაბეტთალის უბანში მდებარეობს, რომელიც მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გერმანელების მიერ აშენდა. მაშინ “სადგურის” ტერიტორია ფუნქციურად სამანქანე-სატრაქტორე სადგური იყო, რომელიც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოვიდა. აღნიშნული ტერიტორიის ტურისტულ კვების ობიექტად ქცევის იდეა 2014 წელს გაჩნდა, საბოლოოდ კი, დაახლოებით ორი წლის წინ გაიხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები