"ეს, გამოწვევებით აღსავსე პერიოდია და ჩვენი ყველა შედეგი არის დიდი ძალისხმევის ნაყოფი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძემ ვარჰეისა და ბორელს ევროკავშირში მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
"დიდი მადლობა მასპინძლობისთვის ევროკავშირში, ბრიუსელში. დღევანდელი ასოცირების საბჭოს სხდომა მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა ჩვენს ურთიერთობებში, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს ისტორიულ მიღწევას – საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ვხელმძღვანელობ დელეგაციას. ეს არის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ჩვენი პარტნიორობის და თანამშრომლობის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის იმ ვალდებულებას, რომლითაც ევროკავშირის თანამეგობრობას, ამ ოჯახს უერთდება ქვეყანა. ვიზიარებ თქვენს ფასეულობებს, ღირებულებებს. ეს გამოწვევებით აღსავსე პერიოდია, თუმცაღა ჩვენი შედეგები არის დიდი ძალისხმევის შედეგი. ასოცირების საბჭომ დღეს საშუალება მოგვცა, განგვეხილა ის წინსვლა, რომელიც ქვეყანას აქვს მიღწეული ასოცირების პროცესში. საქართველომ ძალიან ძლიერი ნება დაადასტურა იმისთვის, რომ მოხდეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ამ გზაზე წინ სწორუპოვარი სვლა.
ჩვენ იმ სამოქმედო ღირებულებას ვახორციელებთ, რომელიც ევრო კომისიამ 2023 წელს ასახა. ჩვენ გვინდა, შევინარჩუნოთ მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს კოლეგებთან ევროკომისიაში და სხვა უწყებაში, იმისთვის, რომ მოხდეს გადასვლა შემდეგ და ახალ ეტაპებზე. ჩვენი უახლოესი მიზანი არის, რომ მოხდეს გადასვლა გაწევრიანების მოლაპარაკებებზე და ასევე, საერთო ბაზარზე გასვლა და სრული თავისუფალი სივრცის ათვისება" - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, საქართველო სწრაფი და ეფექტური რეფორმებით დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებლებს.