მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი ვარაუდით, წელს სამშენებლო/სარემონტო მასალების ბაზარი 7-12%-ის ფარგლებში გაიზრდება - „გორგიას“ დირექტორი

სამშენებლო

საქართველოში სამშენებლო-სარემონტო მასალების სექტორი ბოლო წლებში დინამიკურ ზრდას აჩვენებს.

გალტ&თაგარტის მონაცემებით, სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორი 2018-2025 წლებში 9,6%-ით გაიზარდა და გასულ წელს მთლიანი სექტორის შემოსავალმა 5,9 მილიარდ დოლარს მიაღწია. საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, წელს სექტორი წლიურად 7,8%-ით გაიზრდება. სარემონტო მასალების ბაზარზე კი 10,4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას“ დირექტორის, თორნიკე გურულის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათი გაყიდვები საშუალოდ 15-20%-ით გაიზარდა. როგორც გურული განმარტავს, ბაზრის ზრდას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: ქვეყანაში დასრულების ფაზაშია არაერთი მსხვილი საცხოვრებელი კორპუსი, რაც ავტომატურად ზრდის მოთხოვნას სარემონტო მასალებზე. ასევე თუ ადრე სამშენებლო აქტივობა ძირითადად თბილისსა და ბათუმში იყო კონცენტრირებული, ახლა ტენდენცია შეიცვალა და მშენებლობები გაიშალა რეგიონებშიც.

ბაზრის ზრდას ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობაც, რადგან ქართული კომპანიები აღარ შემოიფარგლებიან მხოლოდ ადგილობრივი ბაზრით. მაგალითად, „გორგია“ სამშენებლო მასალების ექსპორტსა და დისტრიბუციას ეწევა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი და საუდის არაბეთი.

კომპანიის დირექტორი ვარაუდობს, რომ წელს სამშენებლო ბაზრის საერთო ზრდა 7-12%-ის ფარგლებში იქნება, თუმცა სექტორის ზრდასთან ერთად, გამოწვევად რჩება პროდუქციის გაძვირება. მისი თქმით, გლობალურ ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების მატებისა და ლოჯისტიკური ხარჯების ზრდის გამო, უახლოეს თვეებში სამშენებლო მასალებზე ფასების კიდევ 10-20%-იანი მატებაა მოსალოდნელი.

“ბოლო პერიოდში ტენდენციას თუ დავაკვირდებით, სამშენებლო-სარემონტო მასალები კავკასიის რეგიონში იზრდება. საქართველოს მაგალითს თუ ავიღებთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ დაახლოებით ჩვენი გაყიდვები 15-20%-ის ფარგლებში იზრდება და ეს ტენდენცია სტაბილურია, ანუ სტაბილურად ვიზრდებით.

სამშენებლო-სარემონტო ბიზნესი მკვეთრად არის დამოკიდებული სამშენებლო ნებართვებზე. საქართველოს თუ დავაკვირდებით, ტენდენცია თითქმის არ იცვლება, სტაბილური ზრდა არის ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ სამშენებლო ბაზარი მიმდინარე წელს დაახლოებით 7-დან 12%-ის ფარგლებში გაიზარდება. თუ ადრე მარტო თბილისი და ბათუმი იყო მშენებლობისთვის ძირითადი ადგილები, ეხლა ჩვენი დაკვირვებით სხვა ქალაქებშიც დაიწყო მშენებლობა, შესაბამისად წელსაც ეს ინდუსტრია გაიზრდება 7-დან 12%-ის ფარგლებში”,-აცხადებს გურული.

გალთ&თაგარტის კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში სამშენებლო სექტორის სწრაფი ზრდა გაზრდილმა ფასებმა და რეკორდულმა აქტივობამ გამოიწვია როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან. 2026-ში მოსალოდნელია ბინების რეკორდული რაოდენობის ჩაბარება, რაც საინვესტიციო ბანკის გათვლებით, სარემონტო მასალების ინდუსტრიას კიდევ უფრო წაახალისებს.

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, წელს სამშენებლო მასალების სექტორი წლიურად 8,1%-ით გაიზრდება, აქტივობის ზრდა კი ნებართვებისა და დაგეგმილი პროექტების ფონზეა მოსალოდნელი. რაც შეეხება სარემონტო მასალების ბაზარს, სექტორი წელს სავარაუდოდ 7,7%-ით გაიზრდება, ამასთან მოდალოდნელია, რომ ყველა კატეგორიაში ფასების ზრდის მიუხედავად ჩაბარებული ბინების დიდი რაოდენობის ფონზე გაიზრდება მომხმარებელტა აქტივობაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები