“მეწარმეთა კავშირის” წევრებიდან 50%-ზე მეტმა არსებობა შეწყვიტა, ნაწილი კი მხოლოდ გადარჩენისთვის მუშაობს, - ამის შესახებ bm.ge-ს “საქართველოს მეწარმეთა კავშირის” ხელმძღვანელმა გოგა ციცქიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პანდემიამ მეწარმეები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, რადგან მათთვის პრაქტიკულად აღარ დარჩა სარეალიზაციო ადგილები.
“მცირე მეწარმეებს მსხვილი სავაჭრო ქსელები ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან, რის გამოც მათი პროდუქცია დახლებზე ვერ ხვდება. ამის გამოა, რომ ტურისტული სეზონის ჩავარდნამ, გამოფენების შეჩერებამ და ბარიერებმა, მცირე მეწარმეები ფაქტობრივად სრულად გააჩერა”, - აცხადებს გოგა ციცქიშვილი.
მისი თქმით, სამთავრობო შეღავათები, რომლებიც დაწესებული იყო, მცირე მეწარმეებს პრაქტიკულად არ შეეხოთ. აქედან გამომდინარე, გოგა ციცქიშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე მთავრობას მცირე და მიკრო მეწარმეების გადასარჩენად ნაბიჯები პრაქტიკულად არ გადაუდგამს, არადა განვითარებულ ქვეყნებში სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია ეკონომიკის ხერხემალი.