„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ის ისტერიკა, რომელიც შეიქმნა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადების შემდეგ“, - ასე გამოეხმაურა პრემიერი სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სომხური მხარე საქართველოსთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რათა სამხრეთ ოსეთის გავლით რუსეთისკენ მიმავალი გზა ტვირთებისთვის გაიხსნას.
"მოგეხსენებათ, რომ დევდორაკის მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, გზა არის ჩაკეტილი, ამ დროს პრობლემა ექმნებათ საქართველოს ექსპორტიორებს ხილის გატანის კუთხით, რუსეთის ბაზარზე.
სწორედ ამიტომ, მქონდა საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და მათი წინადადება იყო, რომ ისინი თვითონ დაელაპარაკებიან რუსეთის ფედერაციას, რათა დროებით, მაქსიმალურად უმტკივნეულო რეჟიმში, "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე მომხდარიყო ტვირთების გატარება. ისე რომ, არ მოხდეს არანაირი შეხება სტატუსზე და მოგეხსენებათ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ითვალისწინებს ფორსმაჟორულ სიტუაციებს. ამ რეჟიმში გვინდოდა ტვირთების გატარება ისე, რომ არ მიგვეყენებინა დიდი ზარალი ჩვენი ბიზნესმენებისთვის.
სამწუხაროდ, ჩვენმა სომეხმა კოლეგებმა გვაცნობეს, რომ რუსეთიდან იყო არაადეკვატური პასუხი, რაც პირდაპირ იყო დაკავშირებული მათ მიერ აღიარებულ ტერიტორიულ სტატუსთან, ამიტომ ჩვენ უარი ვთქვით ამ გზის გამოყენებაზე, ვინაიდან ჩვენი წინადადება იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი არსებული კანონის ფარგლებში მომხდარიყო ფორსმაჟორული გახსნა ამ არხის. ამიტომ ამის შემდეგ ჩვენ ბორანის გზა ავირჩიეთ და შავი ზღვის მეშვეობით გადის ეს ტვირთი საზღვაო გზით ბორანით“, - განაცხადა პრემიერმა.

























