"დღევანდელი ჩვენი გათვლებით, ჩვენს ფასს ქსელურ მარკეტებში ემატება 185% და ეს 85% საიდან მოიტანეთ ვერ გავიგე", - ამის შესახებ "ალალის" დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
დღეს, სხდომაზე ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა იმართება.
მან განმარტა, თუ როგორ ხდება ფასის ფორმირება პროდუქტის ქსელში მოხვედრის შემდეგ.
"ჩვენთან ფასი როგორც წარმოიქმნება მაგას უკვე ფასის წარმოქმნა არ ჰქვია. შევედით X ფასით ქსელურში, ადგილობრივ ბაზარზე რასაც ვყიდით, 90% იყიდება ქსელურ მარკეტებში და 10% ჰორეკა სექტორში. ამ X ფასს მარკეტში, ფასნამატს რასაც ვეძახით, ემატება დაახლოებით 30-დან 40%-მდე. მაგრამ მთავარი იწყება ამის შემდეგ, ის რასაც ქეშბექს ვეძახით, არაა ერთი კომპონენტი, ის შედგება ციფრების მთელი ერთობლიობისგან. პირველი არის ფიქსირებული გადასახადი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში არის 20.5%, ამის შემდეგ მოსდევს მარკეტინგის გადასახადი 15%, რომელიც საწყის ჩვენს ფასს აკლდება, შემდეგ მოდის ლოიალობის პროცენტი 1%, შემდეგ ციფრული მომსახურების პროცენტი 1%, არის 7.5%, რასაც ლოგისტიკის ხარჯი, იმ ფასნამატი გარდა ჯამში ეს არის 45%. ამაში არ შედის თაროზე განთავსების, შესვლის გადასახადი, სააქციო ფასი. მერე მოდის დღგ. დღევანდელი ჩვენი გათვლებით, ჩვენს ფასს ქსელურ მარკეტებში ემატება 185%", - ამბობს გოჩა ღვინეფაძე.
მან პრობლემებზე საუბრისას გამოყო ქსელებისგან რეალიზებული პროდუქციის თანხის დაგვიანებული გადახდები, რის გამოც საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად საბანკო სესხის საჭიროება დგება და ეს დამატებით ზრდის თვითღირებულებას.
"საბრუნავი საშუალება არის ბანკის ქვეშ მოქცეული. ახლა 15%-ს ვიხდით [სესხზე]",- ამბობს გოჩა ღვინეფაძე.
"ალალის" დამფუძნებელი გამოსავალს შემდეგი საკითხების გადაჭრაში ხედავს: "ქსელებთან კონტაქტს კონტრაქტს ვერ დაარქმევ, თუ შესვლა გინდა ეთანხმები იმას, რაც წერია. ეს რომ გამოსწორდეს, დასავლეთის ქვეყნებში მარტივი გამოცდილებაა, რომ ქსელებს ვალდებულება აქვთ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იყოს განთავსებული. მეორე, ქეშბექები სულ გადასახედია და მესამე, გადახდის პირობები - როგორც სახელმწიფოსთვის მაქსიმუმ 15 დღე გვაქვს გადახდისთვის, რომ ჩავაბარებთ დეკლარაციას, ასე უნდა იყოს გადახდა",- აღნიშნა მან.



























