ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. დაშენებულ პაკეტებზე კონცეფციას სადაზღვევო ბიზნესისგან ელოდება და როგორც მიხეილ სარჯველაძე ამბობს, ეს კონცეფცია ჯერ კიდევ არ მიუღია. კერძო სექტორში კი განმარტავენ, რომ დოკუმენტაცია მინისტრის მოადგილეს ჯერ კიდევ გაზაფხულზე წარუდგინეს და პირიქით, ამ დრომდე ისინი პასუხს სარჯველაძის გუნდისგან ელიან.
ე.წ შემავსებელი პაკეტების შემოღების მომხრეა გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც და ამბობს, რომ პაციენტებს ერთდროულად როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სიკეთეებით სარგებლობა, ისე ინდივიდუალური სადაზღვევო პაკეტების შეძენა უნდა შეეძლოთ, რაც მათ ისეთ სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაუჩენს, რომელსაც სახელმწიფო არ ფარავს.
“დაახლოებით გაზაფხულის ბოლოს გვქონდა პირველი შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან. მე მესმის, როდესაც ცვლილებაა და ახალი ადამიანები ერთვებიან ამ პროცესში, მათ უნდათ, რომ კარგად დარწმუნდნენ, შეისწავლონ, რამდენად სწორია ესა თუ ის მოთხოვნა ბიზნესის მხრიდან.
ჩვენ გავაცანით, გადავეცით პირველადი დოკუმენტიც, ახლავს თუ არა რაიმე რისკი ე.წ დაშენებულ პაკეტებს. ფინანსური ინტერესი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუ რას დაზოგავს სახელმწიფო, რამდენად გაშლის უფრო ფართო არეალს თავისი მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და ვფიქრობ ის პაკეტები და კონცეფცია, რომელიც იქნა მიწოდებული ძალიან ბევრ კითხვაზე სცემს პასუხს, რომელიც სახელმწიფოს წესით უნდა აღელვებდეს.
ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა ეს არ არის მხოლოდ ბაზრის გახსნის ინიციატივა, არამედ ეს არის მართლა საჭიროებაზე დაფუძნებული ინიციატივა. მოქალაქე ნამდვილად სიამოვნებით იყიდიდა სტომატოლოგიურ დაზღვევას, იმ შემთხვევაში თუ ის არ ამოვარდებოდა საყოველთაო ჯანდაცვიდან და სწორედ ამ კონცეფციის ქვეშ ვაერთიანებთ ამ პროცესს,”- ამბობს გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ნინა კობახიძის თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად პოლიტიკური ნება და ბიზნესის მხრიდან სახელმწიფოს დარწმუნებაა საჭირო.
“საკმაოდ ბევრი ცვლილება გაიარა ჯანდაცვის სექტორმა, იცით რამდენი მინისტრი შეიცვალა, რამდენი გადაწყვეტილების მიმღები შეიცვალა, ეს არის ხოლმე შემაფერხებელი გარემო ნებისმიერი ახალი პროექტის ან რეფორმის დაწყებისთვის. დრო სჭირდება ამ ყველაფერს, გააზრება და პოლიტიკური ნება, რომ დარწმუნდეს ის ადამიანი, რომელიც ამას მართავს და იღებს გადაწყვეტილებას, რომ ამაში არის მხოლოდ სიკეთე მოქალაქისთვის და არ არის რისკი. აი ეს არის ახლა ჩვენს მხარეს, რომ ისინი დავარწმუნოთ.”-აცხადებს გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაზღვევის “დაშენებული” ანუ “შემავსებელი” პაკეტები 2017 წელს გააუქმა. იქამდე მოქალაქეებს კერძო დაზღვევასთან ერთად სახელმწიფო, საყოველთაო დაზღვევის სერვისებით სარგებლობა შეეძლოთ. შეზღუდვის დაწესება მაშინ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის უკონტროლოდ გაზრდილი ხარჯების შეკავებას ემსახურებოდა. დაშენებული სადაზღვევო პაკეტების აღდგენის რეკომენდაცია 3 წლის წინ კონკურენციის სააგენტომაც გასცა, რაზე პასუხიც მთავრობის მხრიდან არ ყოფილა.




























