მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენს ობლიგაციაზე მოთხოვნა $1.3 მილიარდს აღემატებოდა - გიორგი რამიშვილი $400-მილიონიან ევრობონდზე

გიორგი რამიშვილი

"სილქ როუდ ჯგუფმა" დღეს $400-მილიონიანი ევრობონდი განათავსა, რაც საქართველოს კერძო სექტორის ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის კორპორაციული ობლიგაციაა. ახალი ფასიანი ქაღალდი 5-წლიანი ვადიანობის იქნება და მასზე "სილქ როუდ ჯგუფი" ინვესტორებს 7.5%-ის კუპონის განაკვეთს გადაუხდის.

ახალი ფასიანი ქაღალდის ინვესტორები უმსხვილესი ამერიკული და ევროპული საფინანსო ინსტიტუტები არიან. მის განთავსებაში მონაწილეობა ამერიკულმა J.P. Morgan-მა და შვეიცარიულმა UBS-მა მიიღეს. ჰოლდინგის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა გიორგი რამიშვილმა აღნიშნა, რომ მათ ფასიან ქაღალდზე მოთხოვნა სამჯერ აჭარბებდა მიწოდებას, რაც "სილქ როუდ ჯგუფის" და საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირების მიმართ მაღალ დაინტერესებას უსვამს ხაზს, რადგანაც მთლიანობაში მოთხოვნა 1.3 მილიარდ დოლარს აჭარბებდა.

გიორგი რამიშვილი აღნიშნავს, რომ ახალი ფასიანი ქაღალდის გამოშვებისთვის Fitch-მა "სილქ როუდ ჯგუფის" საკრედიტო რეიტინგი განაახლა და მას "BB-" კატეგორია მიანიჭა, რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგთან შედარებით მხოლოდ ერთი საფეხურით დაბალია. კომპანია მოზიდული სახსრებით 2022 წელს გამოშვებულ 300 მილიონი დოლარის მოცულობის ევრობონდს დაფარავს.

"ეს არის ყველაზე დიდი 400 მილიონიანი ობლიგაცია, რაც ჩვენი კომპანიისთვის ძალიან დიდი საქმეა. ეს მრავალწლიანი შრომის შედეგია. ჩვენთვის ეს უკვე მესამე ემისიაა. ჩვენ საკრედიტო რეიტინგი ძალიან მაღალი მივიღეთ - Fitch-მა მოგვანიჭა BB-, ანუ ასე რომ ვთქვათ საქართველოს სუვერენული რეიტინგი არის BB და ჩვენი რეიტინგი ერთი თანრიგით დაბალია, რაც ძალიან მაღალი შეფასებაა და საპატიოა ჩვენთვის.

ამან საშუალება მოგვცა, აი, ასეთი დიდი რესურსი $400 მილიონი, ასეთი დაბალ ფასად (7.5%-ის კუპონის განაკვეთით) მიგვეღო. ამით ჩვენ ინვესტიციებს ყველა სტრატეგიულ და გაცხადებული მიმართულებით განვახორციელებთ.

ყველამ აღნიშნა, რომ ამ ტრანზაქციის დროს მოთხოვნა ბევრად უფრო მეტი - 300%-ზე მეტი იყო, ვიდრე ჩვენ გვჭირდებოდა. ანუ 400 მილიონი იყო განაცხადი და შემოთავაზება $1.3 მილიარდზე შემოვიდა", - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

ტრანზაქციის ძირითადი მახასიათებლები:

  • გამომშვები: Silk Road Group Holding LLC
  • ემისიის მოცულობა: 400,000,000 აშშ დოლარი
  • კუპონი:7.50%
  • სტრუქტურა: 5-წლიანი (5NC2) სოლიდარული თავდებობით უზრუნველყოფილი არასუბორდინირებული ვალდებულება
  • რეიტინგები: BB- (Fitch, Stable) / B1 (Moody’s, Stable)
  • ლისტინგი: Euronext Dublin (GEM)
  • მიზანი: არსებული Silknet 2027 ობლიგაციების რეფინანსირება, ბანკებისა და ადგილობრივი დავალიანების დაფარვა, ზოგადი კორპორაციული მიზნები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები