თბილისის მერი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას “რუსულ სოფელთან” დაკავშირებით ეხმაურება და ამბობს, რომ მერიის მიერ მოწყობილ საახალწლო სოფლებს რუსეთთან არაფერი აკავშირებთ.
“საახალწლოდ მორთული ჩვენი დედაქალაქი ულამაზესია. ასევე გვაქვს საახალწლო სოფელი, რომელიც ულამაზესია და რომელსაც რუსეთთან ან რუსულთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენი უამრავი მოქალაქე იკრიბება ყოველ საღამოს და ძალიან სასიამოვნო განწყობაა. მიხარია, რომ ამდენი ადამიანი სარგებლობს ამ სივრცით და მივესალმებით იმ ღონისძიებებს, რაც ყოველდღიურად იმართება”,-აცხადებს კალაძე.
შეგახსენებთ: 28 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის სასახლესთან “რუსული სოფელია” გახსნილი. პრეზიდენტს, რომლის ადმინისტრაციის შენობასთანაც მერიამ საახალწლო სოფელი მოაწყო, არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს.
"აგერ რუსული სოფელია ჩემს კართან და ნახეთ რას ნიშნავს, როცა... არ მგონია, არცერთ ქვეყანაში სხვაგან არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ ამ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული. სხვადასხვა აზრებია და სხვადასხვა გემოვნება",-განაცხადა პრეზიდენტმა.




























