საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას აზრით, საქართველოს ეკონომიკის სისტემური ზრდისთვის სისტემური რეფორმების ჩატარებაა საჭირო.
ამის შესახებ ქობულიამ bm.ge-ის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აგვისტოში დაფიქსირებულ 2%-იან ეკონომიკურ ზრდას შეეხებოდა.
მინისტრი მომდევნო თვეებში უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელოდება, მაგრამ ფიქრობს, რომ „ყოველთვიურ სტატისტიკას არ უნდა ვსდიოთ“.
„მთავარია, ჩავატაროთ სისტემური რეფორმები, რაც მისცემს საქართველოს ეკონომიკას საშუალებას, რომ სისტემურად გაიზარდოს. ჩვენი მოსახლეობის 50% პრაქტიკულად თვითდასაქმებულია სოფლის მეურნეობაში ან უმუშევარია; ეს ცუდია, მაგრამ თავის მხრივ, ძალიან კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ეს ხალხი ავამუშაოთ - წარმოიდგინეთ, რას მივაღწევთ. განვითარებულ ქვეყნებს ეს პოტენციალი არ აქვს; მაგალითად, გერმანიაში ვისაც მუშაობა შეუძლია, ყველა მუშაობს - მას (გერმანელს) ვეღარ აამუშავებ მეტს, აღარ შეუძლია - მთელი დღე სამსახურში დადის; ჩვენთან კი, 50% სამსახურში არ დადის. ჩვენ ისინი რომ ავამუშაოთ, წარმოიდგინეთ, როგორი შედეგი გვექნება ეკონომიკაში“, - განაცხადა ქობულიამ.
ცნობისთვის: საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, მთავრობა წარმოუდგენელი მასშტაბის გადამზადების პროგრამის დაწყებას გეგმავს.
ქობულიას ინფორმაციით, პროგრამის განხორციელებაში მთავრობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დაეხმარებიან და ის, სავარაუდოდ, 2019 წლიდან დაიწყება.
მინისტრს დეტალები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ თქვა, რომ ეს იქნება ტექნიკური გადამზადების მასობრივი პროგრამა, რაშიც საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დაეხმარებიან.

























