ბიზნესის წარმოების სიმარტივით საქართველო მსოფლიო ბანკის Doing Business-ის ანგარიშის მიხედვით, წინა წელთან შედარებით პოზიციას 7 ადგილით აუმჯობესებს და დინამიკის მიხედვით 2004 წლიდან მოყოლებული, რამდენიმე მიმართულებით, მსოფლიო ტოპებში ხვდება. საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16-ე ადგილით ტოპ 20-ულში, ბიზნესის რეგულირების გამარტივების მიხედვით კი ტოპ 10-ეულშია. აღნიშნულ თემაზე ’’ბიზნესკონტრაქტთან“ საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს ხელმძღვანელი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი საუბრობს.
- ბატონო ლექსო, რამდენად ვუყურებთ ჩვენ ტრენდს და რამდენად შეგვიძლია ტენდენციას დავაკვირდეთ Doing Business-ის ჭრილში?
- უპირველესად, აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდოლოგია ყველა ქვეყნისთვის ერთნაირია და შესაბამისად ის სტანდარტი, რომელიც მსოფლიო ბანკმა შესაფასებლად აიღო ყველა ქვეყანაზე ერთნაირად მოქმედებს და ბუნებრივია, ამ ყველა ქვეყანაზე გავრცელებულ შეფასებაში თუ ჩვენ მე-16 ადგილს დავიკავებთ, ეს ცალსახად ძალიან კარგია და მთავრობას მივულოცავ ამ მნიშვნელოვან წარმატებას.
ნებისმიერ შემთხვევაში რეიტინგში ქვეყნის წინსვლა, მისი დაწინაურებული პოზიცია ძალიან კარგი სიგნალია და მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი ბიზნესისთვის, ისე საერთაშორისო ბიზნესისა და სამყაროსთვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან საინტერესოა, იქ ბიზნესის კეთება მარტივია და შესაბამისად, თუ კი სადმე შეიძლება ფული წაიღო და იქ ბიზნესი აკეთო, მათ შორის საქართველოც შეიძლება ასეთ ქვეყნად განხილული იყოს. თუმცა რეიტინგში ქულის მომატება თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი უცხოელი ინვესტორი სიხარულით გამოქანდება და ბიზნესს აქ გააკეთებს. ბიზნესის კეთებაში ბევრი სხვა კომპონენტიც ერთვება და არა მხოლოდ ის კრიტერიუმები, რომლებზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. მათ შორის, ერთ-ერთი უმთავრესი სასამართლო სისტემაა, რომელიც ბიზნესის სრულყოფილად კეთებისთვის აუცილებელი პირობაა, ასევე არბიტრაჟები და დანარჩენი ინფრასტრუქტურა, რომელიც აღნიშნულ საკითხს თან ახლავს. მეთოდოლოგიას რაც შეეხება, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეთოდოლოგია და სტანდარტი წლიდან წლამდე იცვლება და იხვეწება და ეს ძალიან კარგია, ბევრი ახალი საკითხი აისახება ხოლმე შიგნით. მათ შორის როდესაც ჩვენ მე-8 პოზიციაზე ვიყავით, მერე მე-15 და ა.შ და უცებ 24-ე გავხდით ეს გამოწვეული იყო მათ შორის მეთოდოლოგიური ცვლილებითაც. მაგალითად ადრე ინფრასტრუქტურა საერთოდ არ მოიაზრებოდა, როგორც ერთ-ერთი კომპონენტი, შემდეგ უცებ მისი ნაწილი გახდა და შესაბამისად აღმოჩნდა, რომ ჩვენ უცებ 24-ე ადგილზე გადავხტით.
- სხვა ქვეყნებისთვისაც ზუსტად ასე იცვლება ეს მეთოდოლოგია, მაგრამ ზოგიერთმა ქვეყანამ მიუხედავად მეთოდოლოგიური ცვლილებებისა მაინც გაუმჯობესება აჩვენეს...
- რეიტინგი არ აჩვენებს ამა თუ იმ ქვეყნის არც ეკონომიკურ სიძლიერეს, არც ეკონომიკურ მდგომარეობას და არც ბიზნესის აყვავების შეფასებას. აღნიშნული რეიტინგი ამა თუ იმ ქვეყანაში ბიზნესის კეთების სიმარტივეს ასახავს, იმ კონკრეტული რეგულაციების მიხედვით, რომლებიც ქვეყნებში არსებობს. რეგულაციების მიხედვით, საქართველოში ბიზნესი კეთება უფრო მარტივია, ვიდრე სხვა თუნდაც მეზობელ ქვეყნებში. ეს უკვე აღსანიშნავი ფაქტი და ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო წარმატებულ ქვეყანათა რიცხვშია, რომელშიც ეკონომიკა მაღალ დონეზეა, ბიზნესის კეთება წარმატებულია და ა.შ. ჩვენ კიდევ ბევრი გვაკლია განვითარებულ და წარმატებულ ქვეყნებამდე. რეიტინგის პირველი ოცეული რომ ავიღოთ, ამ ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მრავალჯერ აღემატება საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს. რაკი 20-ულის წევრი გავხდით ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიზანს მივაღწიეთ.

























