მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენთვის ეს მხარდაჭერის ტოლფასია" - პაპუაშვილი გაეროს რეზოლუციაზე ჩინეთის თავშეკავებას განმარტავს

პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჩინეთის პოზიცია, რომელმაც საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, მხარდაჭერის ტოლფასია.

“ჩინეთთან ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, არაერთხელ ვუფიქსირებთ ერთმანეთს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობას და მის მნიშვნელობას. ამ მხრივ ძალიან მჭიდრო, შეთანხმებული პოზიციები გვაქვს.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში პოზიციას, ორივე ქვეყანა საკუთარი დღის წესრიგიდან გამომდინარე, აყალიბებს თავის პოზიციებს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, როგორც ჩინეთი, ისე საქართველო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი ინარჩუნებს იმ პოზიციას, რომელიც მას წლების განმავლობაში ჰქონდა, რომ ის თავს იკავებს ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც რამდენიმე სხვა ჩვენი მრავალწლიანი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა თავს იკავებს, ეს ამ ვითარებაში ჩვენთვის მხარდაჭერის ტოლფასია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს სტრატეგია, რათა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსთან მიმართებით მხარდაჭერა გაიზარდოს.

„წლიდან წლამდე იზრდება ამ რეზოლუციის მხარდამჭერების რაოდენობა სწორედ იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ჩვენ რუტინულად ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ვაწარმოებთ. ნახეთ, რომ წელსაც დაემატა ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ. რამდენიმე ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა აფიქსირებს თავშეკავების პოზიციას ხოლმე, ესეც განპირობებულია იმით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში როგორც მათ, ასევე საქართველოს აქვს ცალკეულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სპეციფიკური მიდგომები და გადაწყვეტილებები. ჩვენც გვაქვს ხოლმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი ჯამში 52-მა ქვეყანამ შეიკავა და შესაბამისად, რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. მათ შორის ჩინეთმა, რომელთანაც საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გასულ წელს გააფორმა. საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს, თუმცა ჩინეთს მისთვის მხარი არასდროს დაუჭერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები