საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენების განხორციელებაზე 23.1 მლნ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ნატახტრის აეროპორტიდან სუბსიდირებული ფრენები არ შესრულდება.
როგორც შპს ვანილა სქაი ჯორჯიას ერთ-ერთი მფლობელი ამირან მანჯავიძე BM.GE-თან აცხადებს, ისინი არ ელოდებოდნენ, რომ შიდა ფრენებზე ტენდერს სახელმწიფო მხოლოდ თბილისიდან გამოაცხადებდა. მათი თქმით, ბაზრის კვლევის ეტაპზე კომპანიას ჰქონდა წინადადება წარდგენილი როგორც თბილისიდან, ისე ნატახტრიდან ფრენების შესრულებაზე. მანჯავიძის თქმით, ტარიფი ნატახტრის აეროპორტის შემთხვევაში უფრო დაბალი იყო.
“სიურპრიზი იყო ჩვენთვის ასეთი ტენდერის გამოცხადება. რა თქმა უნდა, ბაზრის კვლევა გამოცხადებული ჰქონდათ და ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა, წინადადებები გვქონდა მიცემული როგორც თბილისიდან ფრენაზე, ასევე ნატახტრიდან შიდა ფრენაზე. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სხვაობაა ფასში. რატომღაც მარტო თბილისი აქვთ გამოცხადებული, ნატახტრიდან ბევრად უფრო იაფია. მართალი გითხრათ გაოცებული ვართ", - ამბობს შპს "ვანილა სქაი ჯორჯიას" ერთ-ერთი მფლობელი ამირან მანჯავიძე.
როგორც ცნობილია, ნატახტრის აეროპორტიდან შიდა ფრენებს შპს აკ ეარ ჯორჯია ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ვადის გახანგრძლივებაც რამდენჯერმე მოხდა, 2018 წლიდან ახორციელებს. კომპანიის 49%-იანი წილი მფლობელია ამირან მანჯავიძე. ამასთან მანჯავიძე ფლობს შპს სერვისეარ ჰოლდინგის 34%-იან წილს, რომელიც თავის მხრივ შპს ვანილა სქაი ჯორჯიას 100%-იანი წილის მფლობელია.
ცნობისთვის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ავიარეისების ორგანიზებასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა.