მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ჩვეულებრივი ბიზნესის მსგავსად ვიბეგრებით“ - რა გამოწვევების წინაშე დგანან სოციალური საწარმოები?

სოციალური საწარმო

სოციალურ საწარმოს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საკუთარი ხელით ქმნიან გამორჩეული დიზაინის სანთლებსა და სხვა ხელნაკეთ ნივთებს, საქმიანობის გაფართოებისა და მდგრადობის გზაზე არაერთი სისტემური გამოწვევა აქვს. ამის შესახებ BM.GE-ს სოციალური თერაპევტი, სანთლების სახელოსნოს ხელმძღვანელი და კავშირის გამგეობის წევრი ლია ასანიშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საკანონმდებლო გარემოა. სოციალური საწარმოები დღესაც ჩვეულებრივი ბიზნესის მსგავსად იბეგრება და სპეციალური მხარდაჭერის მექანიზმები პრაქტიკულად არ არსებობს. სოციალური საწარმო ცდილობს ცნობადობის გაზრდას და საზოგადოების ჰუმანიზაციას. როგორც ასანიშვილი განმარტავს, თითოეული შემოწირული თანხა ისევ წარმოებაში მასალებში, სანთლებსა და მონაწილეთა საჭიროებებში ბრუნდება.
"ველოდებით საკანონმდებლო ცვლილებებს, რადგან ჩვენც ჩვეულებრივ ვიბეგრებით. თუმცა, ლობი არ გყავს, შესაბამისად, ძალიან ძნელია, რომ პრაქტიკოსებმა ვიბრძოლოთ. გვჭირდება ბუღალტერი, რომელიც სწორად გათვლის ფინანსურ საჭიროებებს და იურისტი, რომელიც ლობირებას დაიწყებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები ხელმოწერილია, მაგრამ ხომ უნდა გატარდეს ცხოვრებაში? ჩვენ არ ვმათხოვრობთ… სოციალური ქსელიც გავაკეთეთ, რომ ცნობადები გავხდეთ. თითოეული კაპიკი, ისევ საქმეს ხმარდება", - ამბობს ასანიშვილი.

მისივე შეფასებით, საწარმოს სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ აქ მონაწილეები არა უბრალოდ ბენეფიციარები, არამედ რეალურად პროფესიულად დაოსტატებული ადამიანები არიან. მთავარი გამოწვევა კი მათი დასაქმებაა.

„უკვე იმ დონეზე დახელოვნდნენ, რომ თავისუფლად შეუძლიათ გარე ბაზარზე დასაქმება. მაგრამ, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა პრაქტიკულად არ არსებობს - დაფუძნებიდან დაწყებული, დისტრიბუციითა და გაყიდვებით დამთავრებული. სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია, რომ ერთი ადამიანი გამოეყოს სოციალურ თერაპიის სახლს და ეს საქმიანობა სრულფასოვან ბიზნესად აქციოს“, - აღნიშნავს იგი.

ასანიშვილის თქმით, სოციალური საწარმოების განვითარება მრავალმხრივ შედეგს მოიტანს – გაძლიერდება ოჯახების ფინანსური მდგომარეობა, გაიზრდება მონაწილეთა შემოსავალი და მათი საზოგადოებაში ჩართულობა.

მეორე მნიშვნელოვან გამოწვევად იგი გამოცდილების გაზიარების ნაკლებობას ასახელებს. მისი აზრით, საჭიროა პროფესიული გაერთიანებები და პლატფორმები, სადაც წარმატებული სოციალური მეწარმეები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ დამწყებებს : „უნდა იყოს მეტი შეხვედრები, პროფესიული კავშირი – იქნება ეს ქალთა, პროფესიული თუ სხვა ფორმატის, რათა დაინტერესებულმა ადამიანებმა მიიღონ პრაქტიკული გზამკვლევი“, - ამბობს ის.

მესამე და, მისი შეფასებით, კრიტიკული საკითხი საკანონმდებლო სისტემის დახვეწაა : „ლოზუნგების დონეზე არ შეიძლება – “გახდი ბედნიერი”, “ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ”. ლოზუნგების მიღმა უნდა იყოს რეალური შედეგი და რეალური ნაბიჯები. ადამიანი უნდა იყოს ცენტრალური ფიგურა, რომელსაც სახელმწიფო მოარგებს პოლიტიკას“, – აცხადებს ასანიშვილი.

მისი თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენენ, რაც ასობით ათას ადამიანს ნიშნავს : "მათ ხომ უნდათ ღირსეული ცხოვრება? ეს სფერო უნდა იყოს ისეთივე პრიორიტეტული, როგორც ჯანდაცვა. 40 წელი ხდება, რაც ველოდებით ცვლილებებს. სხვა ჯგუფები ხვდებიან პრიორიტეტში, და ასე არ შეიძლება", – ამბობს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები