მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ჩხირკედელა“ - ქართული პლასტილინების ბრენდი გერმანიაში ექსპორტისთვის ემზადება

605f562d775eb
მარიამ იზორია
27.03.21 23:30
2299
ორგანული პლასტილინების ქართული ბრენდი „ჩხირკედელა“ ნაწარმის გერმანიაში გატანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც ბრენდის დამფუძნებელი მაია შერვაშიძე bm.ge-თან აცხადებს, პროდუქტის ასეთ მანძილზე გაგზავნა საკმაოდ რთული პროცესია, რადგან პლასტილინი მთლიანად საკვები პროდუქტებისგან შედგება. 

პროდუქტი ქალაქ მიუნსტერში ბიოსათამაშოებისა და ტანსაცმლის მაღაზიაში გაიყიდება.

„ამ ეტაპზე გვსურს ჩვენი პროდუქტი იყიდებოდეს ისეთ მაღაზიებსა და დაწესებულებაში, რომელიც ორიენტირებულია ბავშვის ჯანმრთელობასა და ჯანსაღ განვითარებაზე“, - აღნიშნა მაია შერვაშიძემ.

„ჩხირკედელას“ დამფუძნებლის თქმით, პანდემიამ პროდუქტზე მოთხოვნა სამჯერ გაზარდა, გაყიდვებზე სკოლებისა და ბაღების გახსნაც დადებითად აისახა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „ჩხირკედელა“ კინეტიკური ქვიშისა და ე.წ. ტყლარწის წარმოებასაც გეგმავს.  დამფუძნებლების თქმით, ბრენდი არც ერთ ნაწარმში ქიმიურ კონსერვანტებს არ გამოიყენებს და მუდმივად შეინარჩუნებს ორგანულ ხაზს.

„ჩხირკედელა“ უკვე 2 წელია, რაც ბაზარზეა წარმოდგენილი. ორგანული პლასტილინის წარმოების დაწყებისთვის დამფუძნებლებს 6 000 ლარი დასჭირდათ, საწარმოში სულ 4 ადამიანია დასაქმებული.

თავდაპირველად, სანამ დამფუძნებლები ორგანული პლასტილინის დასამზადებლად სპეციალურ დანადგარს შექმნიდნენ, პროდუქტს ხელით ამზადებდნენ.

„ჩხირკედელა“ როგორც ონლაინ, ასევე თბილისისა და ბათუმის სხვადასხვა მაღაზიაში იყიდება, სტანდარტული ნაკრების ღირებულება 14 ლარია, შედარებით დიდი შეფუთვა კი 34 ლარი ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები