კომპანია Group Anaklia-მ დაახლოებით $500 000-იანი ინვესტიციით ჩხოროწყუს სოფელ მუხურში, ახალი მინი საწარმოს მშენებლობა დაიწყო. საწარმოში სამკურნალო-მინერალური წყლით „ლუგელათი“ კოსმეტიკური საშუალებების, თვალის წვეთებისა და ბუნებრივი კალცის აბების წარმოება ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრისთვის იგეგმება.
როგორც Group Anaklia-ს რეგიონული მენეჯერი ირაკლი წიფურია bm.ge-სთან აცხადებს, თუ პანდემია კომპანიას კვლავ არ შეაფერხებს, საწარმო დაახლოებით წელიწად-ნახევარში ამოქმედდება.
„მინი საწარმოს ამოქმედებას უფრო ადრე ვგეგმავდით, თუმცა, პანდემიამ და სხვა ფაქტორებმა შეგვაფერხა, ამ საწარმოში „ლუგელას“ წყლით თვალის წვეთები, აბები, კანის მოვლის საშუალებები, მათ შორის პილინგისთვის საჭირო პროდუქცია დამზადდება. მოქმედ საწარმოში სამკურნალო საშუალებებს თხევადი სახით უკვე ვაწარმოებთ, თუმცა, აბები კომპანიის სიახლეა, რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, წინასწარ თქმა გამიჭირდება, რადგან წარმოების ზრდასთან ერთად დასაქმებული ადამიანების რიცხვიც გაიზრდება“, - აღნიშნავს ირაკლი წიფურია.
ინფორმაციისთვის, კომპანიას მოქმედი საწარმო ზუგდიდის რაიონში, სოფელ ოქტომბერში აქვს, რომელიც 50-მდე ადამიანს ასაქმებს. სამკურნალო-მინერალურ წყალ „ლუგელაზე“ დამზადებული პროდუქცია 12 ქვეყანაში იყიდება, საექსპორტო მიმართულებებს შორის, ბელორუსი, რუსეთი, უკრაინა და სომხეთიცაა.

























