მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ციფრული ნომადები" ანტიკრიზისული გეგმის ნაცვლად - რა უპასუხეს დეპუტატს თურნავას უწყებაში

5d526222c3499
შოთა ტყეშელაშვილი
13.08.19 12:00
1977
29 ივლისს დეპუტატმა ლევან კობერიძემ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას სახელზე სადეპუტატო კითხვა გააგზავნა. ლევან კობერიძე მთავრობისგან რუსული ეკონომიკური სანქციის წინააღმდეგ შექმნილი ანტიკრიზისული გეგმის მიწოდებას ითხოვდა. “გთხოვთ გაგვაცნოთ მთავრობის მთლიანი ხედვა, ნიშანდობლივად კი მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილში,” - ეწერა ლევან კობერიძის კითხვაში. თუმცა, ეკონომიკის სამინისტროდან დეპუტატს ინოვაციების სააგენტომ უპასუხა, ხოლო აღნიშნული პასუხი არა - მთავრობის ხედვას, არამედ ერთ-ერთი პროექტის - “ციფრული ნომადების” აღწერა იყო. სამინისტროს პასუხში ერთი სიტყვაც არ იყო ნათქვამი იმის შესახებ თუ რა ღონისძიებების გატარება იგეგმება საკრედიტო საგარანტიო ფონდის, ასევე პროგრამა “აწარმოე საქართველოში”-ს თუ სხვა სახელმწიფო პროგრამებიდან ტურისტული სექტორის მხარდაჭერისთვის.

ეკონომიკის სამინისტროს პასუხი ლევან კობერიძეს - "ციფრული ნომადები" ანტიკრიზისული გეგმის ნაცვლად

„ციფრული ნომადები“ ძირითადად ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე ადამიანები არიან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ასრულებენ თავიანთ სამუშაოებს. ნომადების უმრავლესობა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (IT) მუშაობს, შესაბამისად, ჩვენი ბენეფიციარებისთვის და ინოვაციური ეკოსისტემის მოთამაშეებისთვის ციფრული ნომადები წარმოადგენენ ერთგვარ ინტერესთა ჯგუფს.

აღნიშნული ინიციტივა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ქვეყანას გაუჩნდა საფიქრალი თუ როგორ მოეზიდა ერთ დღეში დაკარგული ტურისტების ოდენობის ადამიანები ქვეყანაში.

არ გამოვრიცხავთ და გარკვეულწილად ვიმედოვნებთ კიდეც, რომ ნომადები მოძებნიან ბიზნეს პარტნიორებს საქართველოში და სამომავლოდ დაასაქმებენ ადგილობრივ პროფესიონალებს, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

ამ მომენტისთვის შექმნილია უფასო პლატფორმა www.workfromgeorgia.com, სადაც საქართველოს მასშტაბით მომუშავე კომპანიას თუ სტარტაპს შეუძლია დაარეგისტრიროს საკუთარი სამუშაო სივრცე, რის შემდეგაც ნებისმიერი ქვეყნის ტურისტი/ციფრული ნომადი უფასოდ დაჯავშნის ადგილს მათ ოფისში. ქართულ კომპანიებს ამავე პორტალზე შეუძლიათ სპეციალური შეთავაზებების განთავსებაც ციფრული ნომადებისთვის.

მიზანი - ისეთი მოგზაურების მოზიდვაა, რომლებიც არა მარტო ქვეყნის დასათვალიერებლად ჩამოვლენ საქართველოში, არამედ დარჩებიან უფრო გრძელი ვადით და დისტანციურად განაგრძობენ მუშაობას ჩვენი ულამაზესი ქვეყნიდან.

ამ პროექტს აქვს ასევე ერთგვარი მარკეტინგული დატვირთვა. საქართველოში მიღებულ გამოცდილებას ნომადები გაუზიარებენ თავიანთ კოლეგებს, მეგობრებს და მათ საქართველოს დაანახებენ როგორც ტურისტული, ისე ბიზნესის დაწყების/განვითარების კუთხითაც.

რატომ შეიძლება იყოს ნომადებისთის საქართველო საინტერესო?

საქართველო იდეალური ადგილია ასეთი ტიპის მოგზაურებისთვის. ციფრული ნომადებისთის მიმზიდველია ქვეყანაში არსებული მარტივი სამუშაო პირობები, 365 დღიანი უვიზო რეჟიმი 94 ქვეყნის მოქალაქისთვის, დაბალი ხარჯები, ზომიერი კლიმატური გარემო, ასევე საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის განვითარების აღიარება (მათ შორის, Doing business, Crime index და სხვ.) და ეს ყველაფერი მდიდარი კულტურის, ისტორიის, ულამაზესი ბუნების და რაც მთავარია სტუმართმოყვარე ხალხის ფონზე.”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები