"ცივის ყველმა“ წარმოება გააორმაგა, რისთისაც კომპანიაში 210 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა გოჩა ღაღაშვილმა განუცხადა. მისი კუთვნილი საწარმო თელავში, სოფელ კურდღელაურში მდებარეობს, სადაც 9 დასახელების ყველის 50 ნაირსახეობას ამზადებენ. საწარმო დღეში 200 კილოგრამ ყველას ამზადებს, გაზაფხულიდან კი, როცა საქონელი მეტ რძეს იძლევა, ამ მოცულობას კიდევ გაზრდის.
კომპანია ყველს ნატურალური რძისგან ამზადებს, საწარმო დღეში 2000 ლიტრ რძეს ამუშავებს, რომლის 70%-ს ფერმებისგან, ხოლო 30%-ს გლეხებისგან ყიდულობს. რძე საწარმოში არსებულ ლაბორატორიაში მოწმდება.
" ამჟამად დღეში 2 ათას ლიტრ რძეს ვამუშავებთ, მაგრამ გაზაფხულიდან როდესაც საქონლის წველის აქტიური სეზონი დაიწყება, 3 ათას ლიტრს გადავამუშავებთ. მიღებულ რძეს საკუთარ ლაბორატორიაში ვამოწმებთ, ძირითადად ყველაზე კრიტიკული მიმართულებებით, როგორიცაა ბრუცელოზი, მასტიტი, ანტიბიოტიკების შემცველობაზე და სხვა.
"ცივის ყველის“ ბრენდის ქვეშ 9 დასახელების ყველს ვაწარმოებთ, რომელიც 50 სხვადასხვა სახეობას მოიცავს. მაგალითად სულგუნს ვაწარმოებთ ჩვეულებრივს, შებოლილს, რულეტებს და სხვა, ქართულ ყველის ხაზში გვაქვს დაძველებული ყველი, სხვადასხვა სანელებლებით შეზავებული და სხვა „ - განაცხადა გოჩა ღაღაშვილმა.
კომპანია "ცივის ყველი“ პროდუქცია საქართველოს ჰიპერმარკეტებში იყიდება, ასევე ამარაგებს კახეთის სასტუმროებს, როგორიცაა ,,როიალ ბატონი“, ,,შატო მერე“, ,,ყვარლის ედემი“ და სხვა. კილოგრამი ყველის გასაყიდი ფასი საწარმოდან, სახეობების მიხედვით, 18-დან 25 ლარამდეა.
"პროდუქციას ვერ ვაძვირებთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაძვირდა. ჩვენი ყველი ისედაც ძვირადღირებულია, ხარისხიდან გამომდინარე, ვფიქრობთ ფასის ზრდის შემთხვევაში შესაძლოა მომხმარებელმა ვეღარ შეძლოს მისი შეძნა, ამიტომ ფასს ჩვენი მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე ვინარჩუნებთ, დაახლოებით 10%-ით მაინც შეგვიმცირდა ამის გამო მოგება. პარკი, შესაფუთი და დამხმარე მასალები, რძე, ყველაფერი გაძვირებული“’ - განაცხადა გოჩა ღაღაშვილმა.