მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CLAAS 500 000 კომბაინის წარმოებას აღნიშნავს

აგროსფერო
20.06.24 12:12
424

ინოვაციური აგროტექნიკის მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია CLAAS-მა 1936 წლიდან დღემდე ნახევარი მილიონი კომბაინი აწარმოა. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად, კომპანია საზოგადოებას Lexion-ის, Trion-ის, Evion-ისა და Dominator-ის სერიის საიუბილეო მანქანებს წარუდგენს. ისინი განსხვავებული დიზაინით შეიქმნება და გაიმეორებს როგორც CLAAS-ის ძველი მოდელების ვიზუალურ მახასიათებლებს, ისე ახალი მოდელების დეტალებს. საიუბილეო კომბაინების ნახვას დაინტერესებული პირები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენებზე, მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში შეძლებენ.

„CLAAS-ის 500 000 კომბაინი წარმატების 500 000 ისტორიას ნიშნავს. გამოდის, რომ ფერმერებმა და ჩვენმა კონტრაქტორებმა ნდობა 500 000-ჯერ გამოგვიცხადეს. ეს მოვლენა CLAAS-ის თითოეული თანამშრომლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ წარმატების მიღმა სწორედ ჩვენი გუნდი დგას“, – ამბობს CLAAS-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯენ-ჰენდრიკ მორი.

CLAAS-მა კომბაინების წარმოება 88 წლის წინ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში მან შეძლო მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა არაერთი ინოვაცია და დაეწესებინა ახალი სტანდარტები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებაში.

CLAAS-ის პირველი კომბაინი ბაზარზე 1936 წელს გამოჩნდა, ათი წლის შემდეგ კი შექმნა იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი Super და Super Automatic სერიის მოდელები. 1972 წელს კომპანიამ საზოგადოებას Dominator წარუდგინა, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოს ყველაზე მძლავრ კომბაინებს შორის დასახელდა. 1995 წელს CLAAS-მა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოფენა Agritechnica-ზე მომხმარებელს ინოვაციური ჰიბრიდული ტექნოლოგიის მქონე Lexion 480 გააცნო, რომელმაც მისი მახასიათებლების დამსახურებით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ზუსტი აგრომეურნეობის“ განვითარებაში.

CLAAS-ის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი 2013 წელს დადგა, როდესაც კომპანიამ საზოგადოებას კომბაინების გაუმჯობესებული დამხმარე ხელსაწყოები, მათ შორის ოპტიმიზაციის ელექტრონული სისტემა Cemos, წარუდგინა. Cemos-ის დახმარებით შესაძლებელი გახდა აგროპროცესების ავტომატიზაცია, რამაც აგროსამუშაოები მნიშვნელოვნად გაამარტივა. სწორედ ამ დამსახურებისთვის, ახალმა სისტემამ არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.

CLAAS-ის უახლეს კომბაინს Evion წარმოადგენს, რომელიც მისი წინამორბედების Lexion-ისა და Trion-ის გამოცდილებას ეფუძნება და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს ამ ტექნიკისთვის დამახასიათებელი უნიკალური ფუნქციები. Evion-ის მოდელები ეკონომიურობით, კომფორტულობით, მეტი სიმძლავრითა და გამძლეობით გამოირჩევა, აქვს გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფა და მრავალფეროვანი ფუნქციები.

CLAAS-ის კომბაინები, ტრაქტორები და სხვა დამხმარე დანადგარები 18 წელია, საქართველოშიც ხელმისაწვდომია. მისი ოფიციალური წარმომადგენელი ქვეყანაში ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფეროა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები