ნამახვან ჰესების კასკადის პროექტს CLEAN ENERGY GROUP GEORGIA განახორციელებს. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული ინსტრუქციის და პროცედურების შესაბამისად, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ 2015 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობის მიზნით.
ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, კერძოდ, შპს „ჯენერალ დეველოპმენტმა“, POWERCHINA RESOURCES LTD-მ და CLEAN ENERGY GROUP GEORGIA LLC-მ, რომლებმაც შესაბამისი წინადადებები წარმოადგინეს.
„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართელოს მთავრობასთან იმპლემენტაციის ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით.
„ნამახვან ჰესების კასკადის პროექტი ხორციელდება წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდინარე რიონზე, ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ზრდას, მოსახლეობის დასაქმებას, შეიტანს წვლილს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში და დამატებით წარმოქმნის წლიურ 1,514 გგვტ.სთ ელექტროენერგიას, რომელიც მთლიანად დარჩება საქართველოში.
როგორც ნორვეგიული მედია იუწყება კომპანია საქართველოში 7-8 მილიარდი კრონის ინვესტიციას განახორციელებს და ეს ყველაზე მსხვილი ნორვეგიული ენერგეტიკული პროექტი იქნება ქვეყნის საზღვრებს გარეთ. კომპანია პროექტს თურქულ კომპანიასთან ერთად განახორციელებს.

























