„გვაქვს უფლება, რომ გარე სივრცეში გავაკეთოთ ღონისძიებები, თუმცა აქ მოქმედებს 10-კაციანი შეზღუდვა, შესაბამისად, მასშტაბურობა გამორიცხულია. ველოდებით მთავრობისგან ახალ რეგულაციებსა და ინფორმაციას. წინ მივდივართ და იმედი გვაქვს, რომ აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიშვება ხალხის მეტი რაოდენობა“ - ამის შესახებ გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში ღონისძიებების მენეჯმენტ-კომპანია Click Events-ის დირექტორმა და თანადამფუძნებელმა სოფო ნაცვლიშვილმა განაცხადა.
გადაცემაში საუბრისას, ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიის ფონიდან გამომდინარე, 8 მარტიდან ღონისძიებების 90% გაუქმდა, ნაწილი კი, რაც ახალი პროდუქტის პრეზენტაციას გულისხმობდა, ონლაინ ფორმატში ჩატარდა.
მისივე განმარტებით, მათთვის სამომავლო გეგმები საკმაოდ ბუნდოვანია.
„დაგეგმვას არანაირი აზრი არ აქვს, თუ არ გვეცოდინება ზუსტად რისი გაკეთება შეგვეძლება და გაიხსნება თუ არა საზღვრები ტურისტებისთვის“, - განმარტავს სოფო ნაცვლიშვილი.
გადაცემაში საუბრისას, სოფო ნაცვლიშვილი ანალოგიურ საკითხზე მსოფლიო გამოცდილებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საერთაშორისო მასშტაბითაც, გართობის ელემენტები გაუქმებულია და პრიორიტეტს საქმიანი შეხვედრების ონლაინ ჩატარება წარმოადგენს.