ახალი სოციალური ქსელი Clubhouse-ის სავარაუდო ღირებულებამ დაარსებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში $4 მილიარდს მიღწია, სოციალური პლატფორმა დღითიდღე პოპულარული ხდება. მასზე უკვე გამოჩნდნენ ისეთი ცნობილი პირები, როგორიც არის ილონ მასკი, ოპრა უინფრი, კანიე უესტი, დემი ლოვატო და მარკ ცუკერბერგი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ახლად დაარსებული სოციალური ქსელის საბაზრო ღირებულების ასეთ ზრდას, მომხმარებლის სწრაფ მატებას უკავშირებენ.
მიუხედავად იმისა, რომ Clubhouse-ში მოხვედრა მხოლოდ უკვე რეგისტრირებული მომხმარებლის მოწვევით არის შესაძლებელი და ამასთან, მხოლოდ iSO სისტემის მფლობელებისთვისაა ხელმისაწვდომი, მისმა აუდიტორიამ 2021 წლის მარტის ბოლოს 13.4 მილიონს მიაღწია.
გამოცემა წერს, რომ Clubhouse-ის შეძენით უკვე დაინტერესდა Facebook-ი და Twitter-ი, თუმცა აღნიშნულ კომპანიებთან ამ ეტაპზე შეთანხმება არ შედგა და ორივე მათგანმა გადაწყვიტა ანალოგიური ხმოვანი კომუნიკაციის სოციალური პლატფორმის დაარსება. Facebook-მა Hotline-ი დააფუძნა, ხოლო Twitter-მა - Spaces-ი, რომელიც სავარაუდოდ ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი აპრილის ბოლოს გახდება.
გამოცემა წერს, რომ ხმოვანი კომუნიკაციის სოციალური პლატფორმების შექმნაზე მუშაობენ Telegram-ი, Discord-ი, ასევე ბიზნესზე ორიენტირებული პლატფორმები Slack-ი და LinkedIn-ი. წინასწრი მონაცემებით, Clubhouse-ისგან განსხვავებით მისი აპლიკაციები iSO-ს გარდა, Android-ის და პერსონალური კომპიუტერების მომხმარებლებისთვისაც იქნება.