მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: ენდი უორჰოლის ნამუშევარი, მერლინ მონროს პორტრეტი შესალოა $200 მლნ-ად გაიყიდოს

623a12154f6f2
მარიამ ადამია
23.03.22 00:40
1327

ენდი უორჰოლის ერთ-ერთი ნამუშევარი, მერლინ მონროს პორტრეტი შეიძლება მე-21 საუკუნის ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი გახდეს, რადგან მისი საწყისი ფასი რეკორდული – $200 მლნ იქნება. ამის შესახებ განცხადებას Christie's აუქციონის სახლის პრეს-სამსახური ავრცელებს. 

40 კვადრატულ-დიუმიანი პორტრეტი სახელწოდებით "Sage Blue Marilyn", რომელიც 1960-იან წლებში მხატვრის მიერ შეიქმნა, მაისში, ნიუ-იორკში გაიყიდება. ხელოვნების ნიმუში აუქციონზე თომას და დორის ამანების საქველმოქმედო ფონდს გამოაქვს. ფონდი ბავშვების დახმარებაზეა ორიენტირებული და ნახატის რეალიზაციიდან შესული თანხა მთლიანად ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხება.

როგორც CNN წერს, silkscreen printing ტექნიკის გამოყენებით, უორჰოლმა ნამუშევარი 1964 წელს შექმნა, მონროს გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ და ამერიკული ხელოვნების ერთ–ერთ სიმბოლოდ იქცა.

მას მოჰყვა სხვა ცნობილი ადამიანების პორტრეტები, მათ შორის იყო ელვის პრესლისა და ჩინეთის ლიდერის მაო ძედუნის. შემდეგ, პოპ არტისტმა მონროს პორტრეტის მრავალი ვერსია, სხვადასხვა ფერებსა და კონფიგურაციებში  შექმნა. მათ შორის ყველაზე ცნობილი “Marilyn Diptych”-ია, რომელიც დღეს ბრიტანულ გალერეათა ჯგუფ Tate-ს ეკუთვნის. 

ცნობისთვის, ენდი უორჰოლი ამერიკაში პოპ-არტის მიმდინარეობის ყველაზე ცნობილი ხელოვანი იყო. პოპ-არტისტების გამოსახულებებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან, მათ შორის რეკლამებიდან და ტელევიზიიდან იღებდნენ. უორჰოლის საუკეთესო ნამუშევრები 60-იან წლებში შეიქმნა, როდესაც მხატვარმა კინოვარსკვლავების პორტრეტების შექმნა დაიწყო.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი - ლეონარდო და ვინჩის “სამყაროს მხსნელია”, რომელიც Christie’s-ს აუქციონზე $450 მილიონად გაიყიდა და ის არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ - აბუ-დაბიში, ერთ-ერთ მუზეუმში განათავსეს, რომელსაც ადგილიბრივები არაბულ ლუვრს ეძახიან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები