დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე რექს ტილერსონი შეარჩია. ტილერსონი უმსხვილესი ნავთობკომპანიის ExxonMobil-ის ხელმძღვანელია. საკუთარ განცხადებაში ამერიკის არჩეული პრეზიდენტი წერს, რომ ტილერსონი „ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი და ლიდერია“.
BBC წერს, რომ სახელმწიფო მდივნის კანდიდატს კარგი ურთიერთობა აქვს ვლადიმერ პუტინთან და რუსეთის სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლებთან. მართალია ამერიკის არცეული პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ჯერ-ჯერობით სენატის თანხმობა სჭირდება, თუმცა დასავლური მედია უკვე წერს, იმ შესაძლო შედეგებზე რომელიც შესაძლოა ტილერსონის დანიშვნას მოჰყვეს.
„ერთ-ერთი ამერიკული კომპანია, რომელმაც რუსეთისთვის სანქციების მოხსნით შესაძლოა რომ დადებით შედეგი მიიღოს Exxon-ია“, - წერს CNN და აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხი შესაძლოა ტილერსონის დღის წესრიგშიც დადგეს, თუკი ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
ჯერ კიდევ 2014 წელს ტილერსონმა განაცხადა, რომ ის სანქციების პოლიტიკას არ ემხრობოდა და აცხადებდა, რომ ეკონომიკური სანქციების იმპლემენტაციას შედეგი არ აქვს. Exxon-ის ხელმძღვანელს სახელმწიფო მდივნის პოსტის დაკავების შემთხვევაში საკუთარი წილების დათმობა მოუწევს, უცხოური მედია აღნიშნავს, რომ ის სავარაუდოდ საკუთარ 600 000 აქციას გაყიდის.
ExxonMobil-ის აქციების ფასი, მას შემდეგ დონალდ ტრამპმა ის სახელმწიფო მდივნის კანდიდატად დაასახელა 6%-ით გაიზარდა. 13 დეკემბერს, ფასიანი ქაღალდის ღირებულების მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა და $ 93.20 შეადგინა.

























