მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცნობილია ზედა ზღვარი, რომელზე მაღალ ფასადაც აფთიაქებს წამლების გაყიდვა აეკრძალებათ

63a9a2432867a
ვიქტორია მღებრიშვილი
26.12.22 19:24
1290
2023 წლიდან სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. "ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” განკარგულება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა და უახლოეს მომავალში საკანონმდებლო მაცნეზეც აიტვირთება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პირველი იანვრიდან ცვლილება 1 100-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტს შეეხება. მისი თქმით, ფასები საბითუმო და საცალო დონეზე დარეგულირდება და საცალო სააფთიაქო ქსელს, გარკვეული პროცენტული ფასნამატის გაკეთება წამლის ღირებულების შესაბამისად შეეძლება.

„ავიღებთ მაქსიმალურ საბითუმო გასაყიდ ფასს და იქიდან გამომდინარე აფთიაქებს უკვე შეეძლებათ მარჟების განსაზღვრა. მარჟები საბითუმო გასაყიდი ფასის მიხედვით მერყეობს და 15%-დან 40%-მდე განისაზღვრება. რაც უფრო ძვირია წამლის ღირებულება, მით უფრო მცირდება მარჟა, ხოლო 100 ლარის ზევით ღირებულების მედიკამენტზე, საცალო კომპანიებს, ფიქსირებულად, მაქსიმუმ 20 ლარის დამატება შეეძლებათ", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამასთან, როგორც მინისტრმა თქვა, მეთოლოდლოგიის შემუშავებისას, მომხმარებლის ინტერესთან ერთად, მთავრობამ ფარმაცევტული სექტორის ინტერესიც გაითვალისწინა.

"სწორედ აქედან გამომდინარე, შევიმუშავეთ ორდონიანი მეთოდოლოგია, რომელიც ერთი მხრივ, დააზღვევს დეფიციტს სხვადასხვა მოლეკულაზე ქვეყანაში და ასევე შეინარჩუნებს გონივრულ, კომერციულ ინტერესს.


"კერძოდ, მაქსიმალურად გვინდა დავაზღვიოთ, საერთაშორისო ბრენდების და ორიგინალი მწარმოებლების ყოფნა ქვეყანაში. ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა სხვა ქვეყნის გამოცდილება, ამიტომ ორ დონეზე განვსაზღვრავთ ფასს. ეს იქნება, როგორც ორიგინალი მედიკამენტების, ასევე მათი გენერიკების ღირებულების მაქსიმალური ჭერი“, - აღნიშნა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რამდენად განსხვავებული იქნება გენერიკების და ორიგინალი მედიკამენტების ფასნამატი. 

ამასთან, ზურაბ აზარაშვილის თქმით, სახელმწიფოს 2026 წლისთვის მოსახლეობისთვის ქრონიკულ მედიკამენტების ხარჯის მინიმუმ 92%-ის დაფარვას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები