ბრიტანული ბენდი Coldplay თავის სრულ დისკოგრაფიას ხელახლა გამოუშვებს, რომლებიც ამჯერად გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებისგან იქნება დამზადებული.
კრის მარტინის ხელმძღვანელობით, ბენდი მდგრადობისა და გარემოსა და კლიმატის დაცვის მისიაზე დიდი ხანია საუბრობს, ალბომების გადამუშავებული პლასტმასით დამზადება კი ამ გეგმის გაგრძელებაა.
ახალი, გამჭვირვალე ალბომები, იგივე EcoRecords-ები, 140 გრამს იწონის.
“EcoRecords-ზე გადასვლა ნათლად აჩვენებს, რისი მიღწევა შეიძლება, როდესაც ინოვაცია სურვილს შეხვდება. ეს უბრალოდ ახალ პროდუქტზე არაა, არამედ ეს არის წარმოების პიონერი ტექნოლოგია, რომელიც გარემოზე ზემოქმედებას ამცირებს, ფანებს კი იგივე ხარისხის აუდიოს სთავაზობს - ეს ფიზიკური მუსიკის პროდაქშენში ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს”, - განაცხადა ბენდის მუსიკალური ლეიბლის, Parlophone-ის მენეჯერმა, ჯენ აივორიმ.
EcoRecords-ის ჩამოსხმის ტექნოლოგია ფირფიტების წარმოებისთვის იყენებს 100%-იან პოლიეთილენტერეფტალატსა (PET) და გადამუშავებულ პოლიეთილენტერეფტალატს (rPET) - ეს არის მსუბუქი, გამძლე მასალა, რომელიც შექმნილია გამონაბოლქვისა და, ექსპლუატაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად. თითოეული 140-გრამიანი ფირფიტა შედგება დაახლოებით ცხრა გადამუშავებული ბოთლისგან, რომლებიც იწმინდება, მუშავდება პატარა გრანულებად და ფირფიტებად ყალიბდება.
ეკომეგობრული ვინილების წარმოების პროცესი 95%-ით შეამცირებს ნახშირორჟანგის ემისიებს, ტრადიციული ალბომების წარმოებასთან შედარებით.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Coldplay ეკომეგობრულ ალბომს უშვებს: ბენდის 2004 წლის ალბომი “Moon Music” პირველი ვინილი გახდა მსოფლიოში, რომელიც 100%-ით EcoRecord-ით იყო წარმოებული.




























