კომპანია Colliers International Georgia შპს "სტადიონის“ სატენდერო კომისიასა და შესყიდვების სააგენტოს უფლებების შელახვაში ადანაშაულებს და აპირებს მთავრობას და სასამართლო ორგანოებს მიმართოს. კომპანია ამ ეტაპზე საჩივრით შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს მიმართავს.
საუბარია, ბათუმის სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობის ტენდერზე, რომელშიც "კოლიერსი“ ჯერ გამარჯვებულად დასახელდა, მოგვიანებით კი 3 კომპანიის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე, სატენდერო კომისიამ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მანამდე, ამავე კომისიამ, სამ კომპანიას - შპს ,,მშენტექზედამხედველი-ნიკოლოზ ბოკუჩავას“, შპს ,,ოიკო ჯგუფს“ და შპს ,,ტრიჯიტის“ საჩივარზე უარი უთხრა, მოტივად კი ის დასახელდა, რომ არცერთ მათგანს ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად არც მათი კანონიერი ინტერესი დაირღვეოდა.
სატენდერო კომისიის წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებების გამო "კოლიერსმა" დავების საბჭოს მიმართა. კომპანიის საჩივარში ნათქვამია:
"სახეზეა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის საზიანო შედეგი: ბათუმში სტადიონის მშენებლობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, მშენებლობის ზედამხედველობა კი არ ხორციელდება. სახეზეა სხვადასხვა გზებით მავანთა მხრიდან არასახელმწიფოებრივი შედეგის მიღება, იმ ფონზე როდესაც სტადიონის მშენებლობის ფაზა დაწყებულია“.
გარდა ამისა, "კოლიერსი“ საჩივარში მათი სარეკომენდაციო წერილების ავტორებზე ზეწოლაზეც საუბრობს.
"სამწუხაროდ, შპს "სტადიონმა" ამ გამოწვევას ვერ გაუძლო!", - ნათქვამია საჩივარში. Bm.ge შეეცადა იმის გარკვევას, თუ ვისი ინტერესი შეიძლება იყოს სატენდერო პროცედურების შეფერხება, თუმცა ,,კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიაშო“ ამ საკითხზე ჯერჯერობით საუბარი არ სურთ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობაზე ზედამხედველი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი მარტში გამოცხადდა. საწყისი ფასი 3,5 მილიონი ლარი იყო, თუმცა ,,კოლიერსმა“ შემსყიდველს 2,8 მილიონი შესთავაზა.
UEFA-ს მე-4-ე კატეგორიის სტადიონის მშენებლობას კომპანია "ანაგი" ახორციელებს, რისთვისაც 99, 4 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.