ხანძრის შედეგად დაზიანებული შოურუმის სრულად აღდგენიდან რამდენიმე დღეში ავეჯის ქართული ბრენდი Comforter მომხმარებლებს განახლებული სივრცით, ახალი კოლექციებითა და სპეციალური შეთავაზებებით უბრუნდება. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, კრიზისული პერიოდი ბრენდისთვის ერთდროულად ემოციური გამოწვევაც იყო და განვითარების ახალი ეტაპიც.
შოურუმის გახსნასთან დაკავშირებით Comforter მომხმარებლებს სპეციალურ აქციებს სთავაზობს. 11 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით ბრენდის სრულ კოლექციაზე 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. შეთავაზება ავეჯის ყველა კატეგორიაზე გავრცელდება.

კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებლებს ადგილზე სრულად განახლებული კოლექციები, ახალი პარტნიორი ბრენდები და დამატებული ავეჯის კატეგორიები დახვდებათ.
როგორც CEO, CO FOUNDER-ის თანადამფუძნებელი ზურაბ მოსახლიშვილი bm.ge-სთან აცხადებს, ხანძრამდე გუნდი ახალი პროექტებისა და განვითარების გეგმებზე მუშაობდა, თუმცა ერთ დღეში რეალობა რადიკალურად შეიცვალა.
„სიმართლე რომ გითხრათ, ეს პერიოდი ჩვენთვის ემოციურად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. რამდენიმე დღით ადრე ვფიქრობდით ახალ გეგმებზე, განვითარებაზე და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო საინტერესო გარემოს შექმნაზე, თუმცა ერთ დღეში რეალობა სრულიად შეიცვალა. შოურუმი, რომელშიც ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომა იყო ჩადებული, დაიწვა.
მაგრამ ალბათ სწორედ ასეთ დროს ჩანს, რამდენად ძლიერი გუნდია ბრენდის უკან. 24-საათიან რეჟიმში, ფაქტობრივად შეუსვენებლად, 8 დღის განმავლობაში ვმუშაობდით იმისთვის, რომ აღგვედგინა სივრცე, ავეჯი და მთლიანად გარემო.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხმარებელს ეგრძნო Comforter არ ნებდება. პირიქით, ამ პროცესმა კიდევ უფრო გაგვაერთიანა და გვაჩვენა, რომ ერთად ბევრად მეტი შეგვიძლია. დღეს უკვე დაბრუნებულები ვართ და ვფიქრობ, უფრო ძლიერებიც, ვიდრე ადრე ვიყავით,“ - აცხადებს მოსახლიშვილი.

კომპანიაში ამბობენ, რომ აღდგენის პროცესი მხოლოდ ძველი სივრცის დაბრუნებას არ გულისხმობდა. co founder-ის თანადამფუძნებლის, გუგა სოხაძის თქმით, ბრენდმა გადაწყვიტა, რომ მომხმარებლისთვის სრულიად განახლებული გამოცდილება შეეთავაზებინა.
„ეს პერიოდი მხოლოდ აღდგენა არ ყოფილა გარკვეულწილად, თავიდან გადაფასებაც იყო. გადავწყვიტეთ, რომ დაბრუნება უბრალოდ ძველი სივრცის აღდგენა არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ მომხმარებელს განახლებული გარემო და ახალი ხედვა დავახვედრეთ.
ვმუშაობთ სრულიად ახალ ასორტიმენტზე და ვამატებთ რამდენიმე ექსკლუზიურ ევროპელ მომწოდებელს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთა პროდუქციაც ვფიქრობთ, ქართულ ბაზარზე ნამდვილად ახალი სიტყვა იქნება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Comforter ყოველთვის ასოცირდებოდეს არა მხოლოდ ავეჯთან, არამედ თანამედროვე დიზაინთან, ხარისხთან და განსხვავებულ გამოცდილებასთან,“ - ამბობს სოხაძე.
ბრენდში განსაკუთრებულად უსვამენ ხაზს მომხმარებლების მხარდაჭერასაც. ბრენდის ხელმძღვანელი მარიამ დვალიშვილი ამბობს, რომ სწორედ მომხმარებლებისგან მიღებული მხარდაჭერა იყო ის მთავარი მოტივაცია, რომელმაც გუნდს კრიზისის გადალახვაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
„ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტად მომხმარებლების მხარდაჭერა გვაძლიერებდა. იმდენი თბილი შეტყობინება და მხარდაჭერა მივიღეთ, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით — Comforter უბრალოდ ავეჯის ბრენდი აღარ არის.
ამიტომ, დაბრუნების შემდეგ, გვინდა მომხმარებლებს კიდევ უფრო განახლებული და საინტერესო შეთავაზებები დავახვედროთ. ახალი კოლექციები, უფრო მრავალფეროვანი არჩევანი, ინტერიერის თანამედროვე მიმართულებები და სერვისი, რომელიც ადამიანზეა მორგებული.
ჩვენთვის მთავარი კომფორტის შექმნაა არა მხოლოდ სახლში, არამედ მთლიან გამოცდილებაში,“ - აცხადებს ის.
Comforter-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე ეტაპზე კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც ადგილობრივ გაფართოებაზე, ისე საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაზეც. Co Founder-ის თანადამფუძნებლის, ტატო ნორაკიძის თქმით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ინვესტორთან.

„ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ძლიერი ბრენდი მხოლოდ მაშინ არ იზრდება, როცა ყველაფერი კარგად არის ის კრიზისის დროსაც მტკიცდება.
დღეს ჩვენი გეგმები საკმაოდ ამბიციურია. აქტიურად ვმუშაობთ გაფართოებაზე როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე ინვესტორთან, რომლებიც დიდი ხანია აკვირდებიან Comforter-ის განვითარებას და ხედავენ ბრენდის სტაბილურ ზრდასა და პოტენციალს.
ჩვენ გვინდა, რომ ქართული ბრენდი, რომელიც მეგობრებმა სიყვარულით და შრომით შექმნეს, საერთაშორისო ბაზარზეც ღირსეულად იყოს წარმოდგენილი,“ - ამბობს ნორაკიძე.


























