მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Cosmo-მ ახალი ფილიალი გორში გახსნა

კოსმო

ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების კომპანია „კოსმო“ გაფართოვდა და ახალი ფილიალი ამჯერად გორში გახსნა. Cosmo-ს რიგით მე-8 ფილიალი და უნიკალური კონცეფციის ღია სახელოსნო „გორი მოლში“ 30 ივნისიდან იღებს მომხმარებლებს. კომპანიის სიახლეებზე დეტალურად „ქალების ნარატივში“ ბრენდის თანადამფუძნებელმა, სოფი მუხულიშვილმა ისაუბრა.

„ეს არის Cosmo-ს მეორე სივრცე საქართველოში. მსგავსი ფილიალი გასულ წელს ბათუმშიც გავხსენით. ფილიალში წარმოდგენილია „კოსმოს“ პროდუქცია,ასევე არის გამოყოფილი ღია სახელოსნო სივრცე, სადაც თავად შეგიძლიათ შეკეროთ სასურველი კოსმიური აქსესუარი. ეს შესაძლებლობა თითოეულ მსურველს საშუალებას მისცემს საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოს და გახდეს შექმნის პროცესების მონაწილე,“ - აღნიშნა სოფი მუხულიშვილმა.

მისი განმარტებით, გორში ახალი ფილიალის გახსნისთვის „კოსმომ“ 100 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, სადაც ბრენდის სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი.

„ფილიალის გორში გახსნა მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყდა და ამ რამდენიმე დღიანმა ოპერირებამ ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა. მომხმარებლების ნაკადი არ წყდება, რაც გაყიდვების მაჩვენებელზეც აისახება. ამ ეტაპისთვის 150 დასახელების პროდუქცია გვაქვს, წლიური წარმადობა კი 50 ათას ერთეულს შეადგენს,“ - განაცხადა სოფი მუხულიშვილმა.

მისივე თქმით, ღია სახელოსნოს კონცეფციის დანერგვას ყველა მომდევნო ფილიალებშიც განახორციელებენ.

რაც შეეხება „კოსმოს“ აქსესუარების ფასებს, 15 ლარიდან - 30 ლარამდე მერყეობს, ხოლო ჩანთების ფასები 89 ლარიდან იწყება და 300 ლარამდეა.

ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების კომპანია „კოსმო“ 2015 წელს დაარსდა. საწარმო თბილისში, ვაჟა ივერიელის 24-ში, 300 არაგველის მეტროსთან მდებარეობს. „კოსმოს“ ამჟამად 8 ფილიალი აქვს - კერძოდ, 2 ფილიალი ბათუმში და 5 ფილიალი თბილისში, 1 ფილიალი გორში და 3 პარტნიორი მაღაზია ქუთაისში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები