"სპეკულაციები ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ფულადი სახსრების მართვის ეფექტიანობის ზრდისთვის განხორციელებულ წარმატებულ რეფორმასთან დაკავშირებით არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის მატარებელი, მას ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ლარის მიწოდების საკითხში ზიარჭურჭლის პრინციპი მოქმედებს. „მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ლიკვიდობის მიწოდება ბაზრისთვის, ანუ ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულის განთავსება დეპოზიტების სახით კომერციულ ბანკებში, პირდაპირ პროპორციულად შემცირდა ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა. ეს ბუნებრივია, რადგან ეს ორივე ინსტრუმენტი ლარის მიწოდების კუთხით თანაბარწონადია.
ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულის განთავსება დეპოზიტების სახით კომერციულ ბანკებში 2017 წლის ივლისიდან ხორციელდება და ამ დროისათვის, ბაზარს მიეწოდა 450 მილიონი ლარი დეპოზიტის სახით. „თვალი რომ გადავავლოთ რეფინანსირების სესხების გაცემის სტატისტიკას, ვნახავთ 400 მილიონიან შემცირებას. ასევე მცდარია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს ამ რესურსს ბანკები აშშ დოლარის საყიდლად იყენებენ, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ბანკებს სავალუტო პოზიცია ეხსნებათ, რაც ეროვნული ბანკის შესაბამის რეგულაციებს ეწინაარმდეგება", - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.

























